Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თალაკვაძე: თუ [ლავროვი] ჩამოვა საქართველოში, შემიძლია გითხრათ, რა დახვდება


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის საქართველოში შესაძლო ჩამოსვლის შესახებ ილაპარაკა პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ.

„თუ [ლავროვი] ჩამოვა საქართველოში, შემიძლია გითხრათ, რა დახვდება მას საქართველოში - დახვდება პროტესტი იმის გამო, რომ ჩვენი ტერიტორიები არის ოკუპირებული; საქართველოში დახვდება ხელისუფლების ძალიან პრინციპული პოზიცია, რომ შეასრულოს რუსეთის ფედერაციამ აღებული ვალდებულებები.

ლავროვს საქართველოში დახვდება კონკრეტული დასკვნები და შეფასებები იმ საქმეებთან დაკავშირებით, სადაც ჩვენი მოქალაქეების უფლებები მძიმედ ირღვეოდა, იყო მკვლელობები, გატაცებები და უკანონო პატიმრობები“, - ამბობს თალაკვაძე.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი დელეგაციასთან ერთად, შესაძლოა, საქართველოს ევროპის საბჭოს მინისტერიალის ფარგლებში ეწვიოს.

საქართველო - როგორც ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა - ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 130-ე შეხვდრას 2020 წლის 14-15 მაისს უმასპინძლებს.

მინისტრთა კომიტეტი შედგება ევროპის საბჭოს 47 წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებისგან ან სტრასბურგში მათი მუდმივი წარმომადგენლებისგან.

2019 წელს გამართულ შეხვედრას ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკიში სერგეი ლავროვი ესწრებოდა.

XS
SM
MD
LG