Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თეა წულუკიანი: ყველა თავისუფალია, წეროს და თქვას ის, რაც უნდა. მათ შორის, "პანდაც"


თეა წულუკიანი
თეა წულუკიანი

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ამბობს, რომ საქართველოში გამოხატვის თავისუფლებაა და თუ კანონი არ ირღვევა, ყველას აქვს თავისი აზრისა და შეხედულებების გამოხატვის უფლება. სარეკლამო სააგენტო „პანდასთან“ დაკავშირებით ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვაზე იუსტიციის მინისტრმა უპასუხა, რომ ერთადერთი წითელი ხაზი კანონია:

ყველა ის ადამიანი, რომელიც არის "ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგი, ეწევა მათ საწინააღმდეგო ნარატივს. ჩვენი ქვეყანა, მე მინდა ყველამ გავიხსენოთ, რომ თავისუფალი ქვეყანაა. ჩვენი ქვეყანა არ არის ის ქვეყანა, სადაც ან გამოხატვის თავისუფლება, ან სოციალური ქსელები კონტროლდება, ან არის შეზღუდული. შესაბამისად, ყველანი ხართ თავისუფალი, წეროთ და ისაუბროთ ის, რაც თქვენ გინდათ. მათ შორის - "პანდამაც", თუკი ამით არ ირღვევა, რა თქმა უნდა, კანონი. კანონი არის ერთადერთი წითელი ხაზი, სხვა წითელი ხაზები არ არსებობს“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

სარეკლამო სააგენტო „პანდამ“ „ფეისბუკის“ ბრალდებების ნაწილი აღიარა.

„ფეისბუკის" დასკვნაში საუბარია ჩვენი მხრიდან ოპოზიციის კრიტიკაზე. დიახ, ჩვენ ჩვენს რესურსებში მართლაც ვაკრიტიკებდით ოპოზიციას, უფრო კონკრეტულად, „ნაციონალურ მოძრაობას“, - ამბობს სარეკლამო სააგენტო „პანდას“ წარმომადგენელი ანონიმურ ვიდეომიმართვაში.

„პანდას“ სახელით ჩაწერილ ვიდეოში ნათქვამია, რომ ისინი ამას არ აკეთებდნენ „ქართული ოცნების“ სიყვარულით, არამედ - ქვეყანაში დიქტატურის დაბრუნების შიშით, რადგან ეს ყველაფერი საკუთარ თავზე აქვთ გამოცდილი.

„ფეისბუკმა“ 20 დეკემბერს გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, გააუქმა საქართველოს (ასევე აშშ-ისა და ვიეტნამის ანგარიშების) ე.წ. დაუკავშირებელი ქსელები, გვერდები და ჯგუფები „კოორდინირებული არაავთენტური ქცევის“ გამო.

განცხადებაში მოყვანილია ზუსტი რიცხვი გაუქმებული ქართული ანგარიშებისა, რომელიც 418-ს უდრის. მათგან 39 პროფილი, 344 გვერდი, 13 ჯგუფი და 22 ინსტაგრამის ანგარიშია, ასიათასობით მიმდევრით.

„მიუხედავად იმისა, რომ ამ ანგარიშების უკან მდგომი ადამიანები ცდილობდნენ, დაეფარათ თავიანთი იდენტობა და კოორდინირებული მუშაობა, ჩვენი გამოძიებით, ეს ქმედება უკავშირდება საქართველოს სარეკლამო სააგენტო „პანდასა“ და საქართველოს მთავრობას, რომელსაც მართავს „ქართული ოცნება“, - ნათქვამია „ფეისბუკის“ განცხადებაში.

„ფეისბუკის“ თანახმად, მის მიერ გაუქმებული, ქართული წარმოშობის ანგარიშები მიმართული იყო ქვეყნის შიდა აუდიტორიაზე და მათი რეკლამირებისთვის 316 ათას ამერიკულ დოლარამდე იყო დახარჯული.

XS
SM
MD
LG