საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე სხდომათა დარბაზში უცხო ნივთიერების დასხმის საკითხის კომენტირებისას ამბობს, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კიდევ ერთხელ გამოაჩინა თავისი სახე:
„მე ვიყავი დარბაზში. სამწუხაროდ, ვერაფრის დანახვა ვერ მოვასწარი. სამართლებრივ შეფასებას სამართალდამცავები გააკეთებენ, მაგრამ პოლიტიკური შეფასება შემიძლია ვთქვა, ესენი რა ტერორისტებიც იყვნენ თავის დროზე, იმ ტერორიზმს აგრძელებენ. ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ სახე. შემოდიან, წამლავენ ადამიანებს იმისთვის, რომ ხელისუფლებაში მოვიდნენ. ეს ნორმალური საქციელია, ადამიანური და პოლიტიკური საქციელია?! ძალიან სამწუხაროა, რომ კიდევ ერთხელ გამოაჩინეს თავისი სახე და მოახერხეს და დააშავეს ადამიანები,“ - განაცხადა სოფიო კილაძემ.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის თანახმად, სხდომათა დარბაზში გაურკვეველი ნივთიერების დასხმის შედეგად დაშავდა 4 ადამიანი - ორი დეპუტატი და 2 აპარატის თანამშრომელი. დეპუტატის განმარტებით, აპარატის ერთ-ერთი თანამშრომელი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა, დანარჩენი სამს კი დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს.
საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში ორმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა გაურკვეველი ნივთიერება დაასხა. ამის შესახებ დეპუტატებს პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მიაწოდა ინფორმაცია.
დეპუტატების თანახმად, სხდომათა დარბაზში მძაფრი სუნი დადგა. სხდომაზე ტექნიკური შესვენება გამოცხადდა. პარლამენტში ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
პარლამენტში ჯერჯერობით გაურკვეველი ნივთიერების დაღვრაზე პასუხისმგებლობა სამოქალაქო აქტივისტთა ჯგუფმა "ქვეყნის სამსახურში" აიღო.