Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მამუკა მდინარაძე: მოსამართლეთა რამდენიმე კანდიდატს მხარდაჭერა არ ექნება


დღეს გამოიკვეთა, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის რამდენიმე კანდიდატი არსებობს, რომელიც მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს, - უთხრა ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ.

მისი თქმით, უმრავლესობის სხდომაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრებმა და მისმა თავმჯდომარემ წარმოადგინეს ანგარიში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების მოსმენების შესახებ და ინდივიდუალურად განიხილეს ყველა მოსამართლე.

„ჩვენ მხარს დავუჭერთ თითოეულ მათგანს ინდივიდუალურად, ან უარვყოფთ მხარდაჭერას და ეს იქნება თითოეული პარლამენტარის ინდივიდუალური გადაწყვეტილება. დღეს გამოიკვეთა, რომ უკვე რამდენიმე კანდიდატი არსებობს, რომელიც მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს, ამაზე დეპუტატების მსჯელობიდან წამოსული საერთო ანალიზი ნათლად მოწმობს, მაგრამ, რა თქმა უნდა, სახელებს და გვარებს კენჭისყრის წინ არავითარ შემთხვევაში არ დავასახელებ. უნდა დაველოდოთ კენჭისყრას, სადაც ინდივიდუალურად მიიღებენ დეპუტატები გადაწყვეტილებას, სადაც, ჩემი აზრით, გათვალისწინებული იქნება ის მსჯელობა, რომელიც უმრავლესობის ფორმატში დღეს გაიმართა“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძემ გამოკვეთილი დეტალების შესახებ დაზუსტება არ ისურვა.

„მე გამიჭირდება კონკრეტული კომპონენტის გამოყოფა იმ მიზეზებიდან, რომელიც დასახელდა, მათ შორის იყო გარკვეულ კითხვებზე პასუხები, რაც მიიღო კომიტეტმა და, ამის გარდა, იყო უამრავი სხვა მიზეზი, რაზეც საზოგადად ვერ ვისაუბრებთ, იქიდან გამომდინარე, რომ თითოეული დეტალი არის მნიშვნელოვანი და არ მინდა რომელიმე დეტალი ამოვარჩიო და ამაზე გაკეთდეს აქცენტი.

ჩვენ ვალდებულები ვართ, რომ შევარჩიოთ მინიმუმ ის ოპტიმალური რაოდენობა, რომელიც ხელს შეუწყობს იმას, რომ უზენაესი სასამართლო არ გაჩერდეს. მოგეხსენებათ, 6000-ზე მეტი საქმეა დღეს უზენაეს სასამართლოში და სჭირდება კოლეგიები სამივე პალატაში, რომ გააგრძელოს გამართული მუშაობა.

რამდენიმე თვეში აღმოჩნდება, რომ უზენაეს სასამართლოში არის მხოლოდ ოთხი მოსამართლე და, აქედან გამომდინარე, უნდა შევარჩიოთ ოპტიმალური რაოდენობა და უნდა ვიფიქროთ, რომ რაც შეიძლება ღირსეული და პროფესიონალი მოსამართლეები შევარჩიოთ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

11 დეკემბერს, 9:30 საათზე დანიშნულია პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, რომლის დღის წესრიგში ერთადერთი საკითხია: „2019 წლის 6 სექტემბერს საქართველოს პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებული კენჭისყრა“.

პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ საზოგადოებას მოუწოდა, გააპროტესტოს პარლამენტში 11 დეკემბერს დაგეგმილი უზენაესი სასამართლოს უვადოდ დასანიშნ მოსამართლეთა კენჭისყრა.​

11 დეკემბერს, ოპოზიციური პარტიები და სამოქალაქო აქტივისტები პარლამენტთან საპროტესტო აქციას გეგმავენ და მოითხოვენ, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ უვადოდ დასანიშნი არცერთი კანდიდატი პარლამენტმა არ დაამტკიცოს.​

XS
SM
MD
LG