დღეიდან, 27 ნოემბრიდან საქართველო ხდება ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე და ამ მოვალეობას 2020 წლის 15 მაისის ჩათვლით შეასრულებს.
თავმჯდომარეობის გადაბარების ცერემონია სტრასბურგში, ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის სხდომაზე გაიმართება. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს, როგორც კომიტეტის თავმჯდომარეს, სიმბოლურ გასაღებს გადასცემს საფრანგეთის ევროპულ საქმეთა სახელმწიფო მინისტრი, ამელი დე მონშალენი.
დავით ზალკალიანი ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტს სიტყვით მიმართავს და საქართველოს თავმჯდომარეობის პრიორიტეტებს გააცნობს:
1. ადამიანის უფლებები და გარემოს დაცვა;
2. სამოქალაქო ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში;
3. ბავშვზე ორიენტირებული მართლმსაჯულება - აღდგენითი მართლმსაჯულების ევროპული გამოცდილება;
4. დემოკრატიის გაძლიერება განათლების, კულტურისა და ახალგაზრდობის ჩართულობით.
თავმჯდომარეობის გადაცემის ოფიციალურ ცერემონიამდე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი და ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლები ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიიდან გაემგზავრებიან ქართული ანბანით და საქართველოს თავმჯდომარეობის ლოგოთი მორთული სპეციალური ტრამვაით, რომელიც სტრასბურგში 6 თვის განმავლობაში იმოძრავებს.
სტრასბურგის რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება საქართველოს, როგორც თავმჯდომარე ქვეყნის, დროშის აღმართვის ცერემონია, გაიჭრება სიმბოლური ლენტი და შესრულდება საქართველოს ეროვნული ჰიმნი.
სტრასბურგში ვიზიტისას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვდება ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს და სიტყვით გამოვა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომაზე.
6-თვიანი თავმჯდომარეობის პერიოდში, საქართველო ევროპის საბჭოს ფარგლებში ორგანიზებას გაუწევს 20-მდე ღონისძიებას.