Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ქართული ოცნება" თავის პოზიციას საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით 6 გზავნილად აყალიბებს


კახა კალაძე
კახა კალაძე

უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ „ქართული ოცნების“ პოზიცია საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მედიას თბილისის მერმა, კახა კალაძემ გააცნო. განცხადებას სრულად გთავაზობთ:

გასული დღეების განმავლობაში, ჩვენი პარტიის სახელით, საზოგადოებას არაერთგზის მკაფიოდ გავაცანით საკუთარი დამოკიდებულება იმ პოლიტიკური პროცესების შესახებ, რომლებიც საარჩევნო სისტემის საკითხის გარშემო განვითარდა.

თუმცა, ვინაიდან ამ თემის გარშემო კვლავაც არ წყდება პოლიტიკური სპეკულაციები, გვსურს, საზოგადოებას ჩვენი პოზიცია რამდენიმე გზავნილით კიდევ ერთხელ გავუზიაროთ:

პირველი: პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე 2020 წლიდან გადასვლა „ქართული ოცნების“ ცალმხრივი პოლიტიკური ინიციატივა იყო.

მიუხედავად გუნდის ხელმძღვანელობის ძალისხმევისა, სამწუხაროდ, კანონპროექტმა პარლამენტის წევრთა შესაბამისი მხარდაჭერა ვერ მიიღო.

აღნიშნული შედეგი, მაჟორიტარი დეპუტატების ბუნებრივ წინააღმდეგობასთან ერთად, დესტრუქციული ოპოზიციის უპასუხისმგებლო მოქმედებებმაც განაპირობა;

მეორე: ყველასათვის ნათელია, რომ საპარლამენტო უმრავლესობაში არსებული განწყობების გათვალისწინებით, რაიმე ახალი საკონსტიტუციო ცვლილების გარშემო 113 ხმის მობილიზების რესურსი დღეის მდგომარეობით არ არსებობს.

შესაბამისად, თემა დახურულია. 2020 წლისთვის შენარჩუნდება შერეული საარჩევნო სისტემა, რომელიც დემოკრატიულ პრინციპებს სრულად შეესაბამება.

აქედან გამომდინარე, პოლიტიკურმა სპექტრმა მთელი თავისი ძალისხმევა არჩევნებისთვის მზადებისა და არჩევნების მაღალი დემოკრატიული სტანდარტით ჩატარებისკენ უნდა მიმართოს;

მესამე: „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი დანამატები ფიზიკური დესტრუქციისთვის იურიდიული საბაბის შექმნას ცდილობენ და გვთავაზობენ ე.წ. გერმანულ მოდელს, რომელიც მათი მტკიცებით, თითქოს, არ ეწინააღმდეგება მოქმედ კონსტიტუციას.

აქ, ნათლად იკითხება „ნაციონალური მოძრაობის“ ჩვეული ხელწერა, რომელიც სიცრუის ტირაჟირებით ცდილობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.

ეს არის შეგნებული სიცრუე, რაც უმარტივესი სამართლებრივი, ლოგიკური და არითმეტიკული ანალიზითაც კი დასტურდება.

შესაბამის არგუმენტებს აქტიურად ვუზიარებთ საზოგადოებას და მზად ვართ, ეს არგუმენტები ყველა დაინტერესებულ პირს სხვადასხვა საჯარო პლატფორმის მეშვეობით წარვუდგინოთ;

მეოთხე: ჯერ კიდევ 2017 წელს, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდის ცალმხრივი ინიციატივითა და ძალისხმევით, კონსტიტუციაში აისახა 2024 წლიდან პროპორციულ სისტემაზე გადასვლის გადაწყვეტილება.

შეგახსენებთ, რომ ამ პროცესს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მისმა განშტოებებმა ბოიკოტი გამოუცხადეს.

დღესაც სწორედ ეს ადამიანები, ზუსტად იგივე შემადგენლობით, დგანან ქუჩაში და კანონსაწინააღმდეგო დესტრუქციული ნაბიჯებით ცდილობენ, პრობლემა შეუქმნან ქვეყნის მშვიდობიან და დემოკრატიულ განვითარებას.

ეს ის გუნდია, რომელმაც 2008 წლის მარტში ხალხის გადაწყვეტილების, ანუ რეფერენდუმის შედეგების რევიზია, საპარლამენტო კენჭისყრის გზით, საკუთარი ვიწროპარტიული და საარჩევნო მიზნებიდან გამომდინარე განახორციელა და მაჟორიტარული კომპონენტი გააძლიერა, კერძოდ და კონკრეტულად - 50 მაჟორიტარული მანდატი 75-მდე გაზარდა, პროპორციული წესით ასარჩევი 100 დეპუტატის რიცხოვნობა 75-მდე შეამცირა.

ეს ის გუნდია, რომელმაც 2010 წლის საკონსტიტუციო რეფორმის განხორციელებისას, საარჩევნო სისტემის ცვლილება განხილვის საგნადაც კი არ აქცია.

მოგვიანებით, ამავე გუნდმა და მისმა ლიდერმა, სააკაშვილმა სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ დისკუსია ტაბუდადებულ თემად გამოაცხადეს.

შეგახსენებთ, რომ 2010 წლის ანტიდემოკრატიული საკონსტიტუციო ცვლილებები იმ პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ე.წ. ექსპერტების თანამონაწილეობით განხორციელდა, რომლებიც დღესაც ნაციონალური მოძრაობის ინტერესებს ემსახურებიან და მის გვერდით დგანან.

ამ პოლიტიკურ სუბიექტებს არა აქვთ არავითარი მორალური უფლება, პროპორციულ სისტემაზე დასანანი ვერგადასვლის გამო, „ქართულ ოცნებას“ რაიმე პოლიტიკური ბრალდება წაუყენონ.

მათ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ დესტრუქციული მოქმედებებისგან, დაიცვან კანონი და საკუთარი ძალისხმევა დემოკრატიულ არჩევნებში მონაწილეობისკენ მიმართონ;

მეხუთე: როგორც მოგეხსენებათ, საპარლამენტო უმრავლესობაში არის მაჟორიტარ დეპუტატთა ჯგუფი, რომელიც სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლის ინიციატივით გამოდის.

გუშინ და დღეს, გუნდში გამართული კონსულტაციების შედეგად, ჩვენ ისინი დავარწმუნეთ, რომ გუნდი 2020 წლის არჩევნებისთვის ვერცერთ ახალ ინიციატივას ვერ განიხილავს.

თუმცა, ჩვენ გაგებით ვეკიდებით მათ ზოგად ინიციატივას და შევთანხმდით, რომ ისინი გააგრძელებენ ამ მიმართულებით საქმიანობას, ოღონდ იმ პირობით, რომ საარჩევნო რეფორმის საკითხი საერთო-სახალხო კენჭისყრაზე 2020 წლის საპარლამენტო ან 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღეს დადგება.

ბოლოს: მივიღეთ გადაწყვეტილება, არ დავაყენოთ ჩვენი კანდიდატები იმ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში, სადაც, „ნაციონალური მოძრაობის“ ორი ძირითადი ფრთისა და მისი დანამატების გარდა, დანარჩენი ოპოზიციის ნებისმიერ წარმომადგენელს ან დამოუკიდებელ კანდიდატს ექნება გამარჯვების რეალური შანსი.

შედეგად, უზრუნველვყოფთ მომავალი პარლამენტის მაქსიმალურ პოლიტიკურ მრავალფეროვნებას.

გზას გავუხსნით ორგანიზაციულად სუსტ, მაგრამ ავტორიტეტის მქონე პოლიტიკურ ჯგუფებს და აქტიურ ადამიანებს, რათა მათ უშუალო და ქმედითი მონაწილეობა მიიღონ ხელისუფლების განხორციელების პროცესში, რაც იყო კიდეც ჩვენს მიერ ივნისში წარდგენილი საარჩევნო შეთავაზების ყველაზე მთავარი იდეა.

XS
SM
MD
LG