ოპოზიციურმა პარტიებმა მოითხოვეს, რომ მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ დათანხმდეს მომდევნო არჩევნების ჩატარებას ე.წ. გერმანულ მოდელზე დაფუძნებული სისტემით.
„ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში 25 ნოემბერს გამართული შეხვედრის შემდეგ, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების საერთო პოზიცია მედიას გააცნო „ახალი საქართველოს“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ. მისი განმარტებით, სისტემა, რომელსაც ოპოზიცია ხელისუფლებას სთავაზობს, ითვალისწინებს კანდიდატებს შორის ხმების პროპორციულად განაწილებას და მაჟორიტარული სისტემის შენარჩუნებას, თუმცა, მრავალმანდატიან ოლქებში.
ვაშაძის განცხადებით, იქნება ექვს-, შვიდ- ან რვამანდატიანი ოლქები, თითოეულ ამომრჩეველს ექნება ერთი ხმის უფლება და არცერთ პოლიტიკურ ძალას არ ექნება ხელისუფლების მიტაცების შესაძლებლობა.
გიორგი ვაშაძის თქმით, ეს სისტემა „ქართულ ოცნებას“ არ მისცემს მანიპულაციის შესაძლებლობას: „მიიღებს 25%-ს, ეყოლება 25% დეპუტატების. მიიღებს 40%-ს, ეყოლება 40% დეპუტატების და ასე შემდეგ“.
ოპოზიცია აცხადებს, რომ ეს მოდელი სრულად შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას, გამოხატავს საზოგადოებრივ აზრს, უპირატესობას ანიჭებს პროპორციულ სისტემას და, ამასთან, ითვალისწინებს საქართველოს რეალობას.
გიორგი ვაშაძის ინფორმაციით, ოპოზიციის მიერ შემუშავებული დოკუმენტი, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციებსაც გადაეცემა, მზად არის პარლამენტში ინიცირებისთვის და დასამტკიცებლად მხოლოდ 76 ხმა სჭირდება და არა საკონსტიტუციო უმრავლესობა.
„ეს არის ძალიან მარტივი გზა, გამოსავალი იმისთვის, რომ საქართველომ ერთხელ და სამუდამოდ გადალახოს კატასტროფული საარჩევნო სისტემა, რომელიც დღეს არის ქვეყანაში“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ. მისი ინფორმაციით, ყველა კონსტიტუციონალისტი, ვისთანაც საუბარი ჰქონდათ, ცალსახად ამბობს, რომ ეს მოდელი სრულ შესაბამისობაშია საქართველოს კონსტიტუციასთან.
„პარლამენტის სხდომა მშვიდობიანად ჩატარდება მხოლოდ მაშინ, როცა ჩვენი მოთხოვნა დაკმაყოფილდება. აი, ამ კანონს რომ მიიღებს პარლამენტი, პრობლემა არ ექნება პიკეტირებასთან დაკავშირებით“, - თქვა ვაშაძემ ოპოზიციის ლიდერების შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები საარჩევნო სისტემის შეცვლის მოთხოვნით, პარლამენტთან საპროტესტო აქციას დღეს საღამოდან განაახლებენ. კვლავ დაგეგმილია პარლამენტის პიკეტირება.
18 ნოემბერს, საპოლიციო ძალებმა წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალეს პარლამენტის პიკეტირების აქცია და 37 პირი დააკავეს ხულიგნობის და წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებებით.
საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც 14 ნოემბერს პარლამენტმა ვერ მიიღო "ქართული ოცნების" უმრავლესობის მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი, რომელიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებდა უკვე მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის და არა 2024 წლიდან, როგორც ამას მოქმედი კონსტიტუცია განსაზღვრავს.
კანონპროექტს მხარი დაუჭირა 101-მა დეპუტატმა 3-ის წინააღმდეგ მაშინ, როცა საკონსტიტიციო ცვლილებების მიღებას სჭირდებოდა, სულ მცირე, 113 ხმა. სხდომას 141 დეპუტატი ესწრებოდა. პარლამენტის წევრები, რომლებმაც ხმა წინააღმდეგ მისცეს, ან კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს, „ქართული ოცნების“ უმრავლესობას წარმოადგენენ.
„ქართული ოცნება“ მაჟორიტარული სისტემის მომდევნო, 2020 წლის არჩევნებისთვის გაუქმებას დათანხმდა 20 ივნისს დაწყებული ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციების შედეგად, რომლის მონაწილეთა ერთ-ერთი მოთხოვნა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა იყო.
პარლამენტში წარუმატებელი კენჭისყრის შემდეგ, სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიციურმა პარტიებმა „ქართული ოცნება“ და მისი თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ხალხის მოტყუებაში დაადანაშაულეს და საპროტესტო აქციები დაიწყეს მთავრობის გადადგომის, ცესკოს შემადგენლობის შეცვლის, ვადამდელი პროპორციული არჩევნების და 20-21 ივნისის აქციის დროს დაკავებულთა გათავისუფლების მოთხოვნებით.