Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზვიად ძიძიგური: ბოთლიდან ამოვუშვით „ჯინი“, რომლის უკან ჩაბრუნება არ გამოვა


ზვიად ძიძიგური
ზვიად ძიძიგური

საქართველოს პარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერი ზვიად ძიძიგური აცხადებს, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩაგდება იყო შეცდომა, რომელიც ქვეყნის პოლიტიკურ სტაბილურობას უქმნის საფრთხეს და დამაზიანებელია როგორც "ქართული ოცნებისთვის", ისე ბიძინა ივანიშვილის რეპუტაციისთვის. იგი ვარაუდებს, რომ "ჯინის" უკან ჩაბრუნება შეუძლებელი იქნება:

იმ გადაწყვეტილებით, რაც პარლამენტმა პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩაგდებით მიიღო, ბოთლიდან „ჯინი“ ამოვუშვით, რომლის უკან ჩაბრუნება არ გამოვა. ეს იყო სერიოზული პოლიტიკური შეცდომა, რომელიც ქვეყანაში პოლიტიკურ სტაბილურობას საფრთხეს უქმნის.

მიუხედავად იმისა, რომ 8 წლის განმავლობაში „კონსერვატორები“ „ქართულ ოცნებასთან“ ერთად ვიყავით, ჩვენ პასუხისმგებლობა ავიღეთ, რომ პროპორციულ სისტემაზე გადავიდოდით. ის, რაც მოხდა, ქვეყნისთვის, მმართველი პარტიისთვის და პირადად ბიძინა ივანიშვილის რეპუტაციისთვის დამაზიანებელია“, - აღნიშნა ზვიად ძიძიგურმა მედიაცენტრ „მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე.

ზვიად ძიძიგური ამბობს, რომ პროპორციული სისტემა ქვეყნისთვის ერთადერთი სწორი გამოსავალი იყო. მისთვის შესაბამისად მიუღებელია ინიციატივა 2020 წლის არჩევნების სრულად მაჟორიტარული წესით გამართვის შესახებ.

„როგორ შეიძლება მე ვიყო მაჟორიტარობის მომხრე. ჩვენთან ერთადერთი გზა, როცა უნდა განვითარდეს პარტია, არჩევნებია. ამიტომ, მიმაჩნია, რომ პროპორციული სისტემა ჩვენი ქვეყნისთვის იყო საუკეთესო გამოსავალი. ეს ვარიანტი, ვფიქრობ, არ არის მმართველი პოლიტიკური გუნდისთვის დღის წესრიგის თემა და შესაბამისად, საკითხი პარლამენტის დღის წესრიგში არც დაბრუნდება“, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

საპარლამენტო უმრავლესობა პროპორციული საარჩევნო სისტემის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტის ჩაგდების შემდეგ ფრაქცია „კონსერვატორების“ წევრებმა ზვიად ძიძიგურმა, გიგა ბუკიამ და ნინო გოგუაძემ დატოვეს.

14 ნოემბერს პარლამენტმა ვერ მიიღო უმრავლესობის მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი, რომელიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებდა უკვე მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის და არა 2024 წლიდან, როგორც ამას მოქმედი კონსტიტუცია განსაზღვრავს.

საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტის ჩავარდნის შემდეგ საპროტესტო აქციები გრძელდება.

XS
SM
MD
LG