Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ქართული ოცნების" დეპუტატი ოპოზიციას პარლამენტის შენობის პიკეტირებას არ ურჩევს


გიორგი კახიანი
გიორგი კახიანი

„ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი ოპოზიციას პარლამენტის შენობის პიკეტირებას არ ურჩევს.

„ეს მათთვისაც არ იქნება მომგებიანი. ასეთი მოქმედებებით საკუთარი თავის კიდევ უფრო მეტ მარგინალიზებას მოახდენენ“, - უთხრა პარლამენტში ჟურნალისტებს გიორგი კახიანმა.

სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები პარლამენტის პიკეტირებას 26 ნოემბერს აპირებენ. ამ დღეს პლენარული სხდომაა დანიშნული.

გიორგი კახიანის განცხადებით, ყველას უნდა ესმოდეს, რომ პარლამენტი უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოა და მისი ფუნქციონირების შეფერხებას სახელმწიფო არ დაუშვებს: „ნებისმიერ მოქალაქეს და პოლიტიკურ ჯგუფებს აქვთ შესაძლებლობა, რომ პროტესტი გამოხატონ, თუმცა, პროტესტს აქვს კანონისმიერი ჩარჩოები და ამ ჩარჩოებს არ უნდა გასცდნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, სახელმწიფო იძულებული იქნება, შესაბამისი ზომები მიიღოს, როგორც ეს ერთხელ უკვე მოხდა“.

18 ნოემბერს საღამოს, საპოლიციო ძალებმა დაშალეს საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე პიკეტირების აქცია. შსს-მ აქციის დაშლის საფუძვლად დაასახელა შეკრებებისა და მანიფესტაციების კანონის მე-9 მუხლის დარღვევა. კერძოდ, ის, რომ კანონით აკრძალულია საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელების ბლოკირება და მისი საქმიანობის შეფერხება.

უფლებადამცველები ადასტურებენ, რომ ფორმალურად არსებობდა პიკეტირების აქციის დაშლის საფუძველი, თუმცა, ხაზს უსვამენ, რომ ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა კონტექსტი, რომელმაც მშვიდობიანი აქციის ეს ფორმა განაპირობა და არც ის, რომ გამომწვევ მიზეზზე სრული პასუხისმგებლობა სწორედ მას ეკისრება.

სამოქალაქო აქტივისტების და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა პარლამენტის შენობის შესასვლელების პიკეტირება 17 ნოემბერს, ღამით დაიწყეს, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასასავლელად ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილების ჩავარდნისადმი პროტესტის ნიშნად.

18 ნოემბერს დილით, აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობაში არ შეუშვეს რამდენიმე დეპუტატი. ჩაიშალა დღის პირველ ნახევარში დაგეგმილი რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის და ბიუროს სხდომები. პარლამენტმა ბიუროს სხდომა პიკეტირების აქციის დაშლის შემდეგ, საღამოს რვის ნახევარზე ჩაატარა.

XS
SM
MD
LG