Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კენეტ იალოვიცი: საქართველო დემოკრატიის გზაზე ნაბიჯს უკან დგამს


აშშ-ის ყოფილმა ელჩმა საქართველოში, კენეტ იალოვიცმა უკან გადადგმული ნაბიჯი უწოდა თბილისში, დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენებას.

“ხალხს აქვს უფლება მშვიდობიანად მიმართოს საკუთარ ხელისუფლებას და გამოხატოს საკუთარი პროტესტი. ყველამ ვიცით რატომ აკეთებენ ამას. მიზეზი პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩაგდებაა პარლამენტში. კიდევ ერთხელ ვამბობ, აბსოლუტურად მართებული, ლეგალური და სწორია, რომ ხალხი ამას მშვიდობიანად აპროტესტებს. არასწორი კი ისაა, რომ ძალადობრივად დაარბიო ისინი, თანაც უმიზეზოდ. ეს უბრალოდ, არ უნდა ხდებოდეს. ისედაც შეშფოთებული ვიყავი საქართველოში მიმდინარე ბოლო დროის მოვლენებით, ეს კი კიდევ უფრო მაშფოთებს”, - უთხრა „ამერიკის ხმას“ იალოვიცმა.

ყოფილი ელჩის განცხადებით, საქართველოს ამერიკელი მეგობრები ბოლოდროინდელი მოვლენებით შეშფოთებულები არიან. კენეტ იალოვიცის თქმით, ივნისში გაკეთებული განცხადება პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, ძალიან კარგი აზრი იყო: „ახლა კი ყველაზე დიდი პრობლემა ისაა, რომ საქართველო დემოკრატიის გზაზე ნაბიჯს უკან დგამს. ყველა თანხმდება, რომ პროპორციულ სისტემას შესაძლოა თავისი გამოწვევები ჰქონდეს იმ კუთხით, რომ პარლამენტში ბევრ პატარა პარტიას შეუძლია მოხვდეს. თუმცა, ეს იქნება გარანტია იმისა, რომ ერთ პარტიას არ ექნება, თითქმის დიქტატორული ძალაუფლება, ანუ კონსტიტუციური უმრავლესობა. ხალხი სწორედ ამას აპროტესტებს. რასაც ახლა მე ვუყურებ, ძალის გამოყენებას, ეს ძალიან ცუდია. ეს არის ნაბიჯი უკან".

18 ნოემბერს საღამოს, სამართალდამცავებმა დაშალეს საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე პიკეტირების აქცია. გამოყენებული იყო წყლის ჭავლი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაშავდა აქციის 4 მონაწილე და 2 სამართალდამცველი. დააკავეს 37 პირი.

შსს-მ აქციის დაშლის საფუძვლად დაასახელა შეკრებებისა და მანიფესტაციების კანონის მე-9 მუხლის დარღვევა. კერძოდ, ის, რომ კანონით აკრძალულია საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელების ბლოკირება და მისი საქმიანობის შეფერხება.

სამოქალაქო აქტივისტების და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა პარლმენტის შენობის შესასვლელების პიკეტირება 17 ნოემბერს, ღამით დაიწყეს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასასავლელად ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილების ჩავარდნისადმი პროტესტის ნიშნად. 18 ნოემბერს დილით, აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობაში არ შეუშვეს რამდენიმე დეპუტატი. ჩაიშალა დღის პირველ ნახევარში დაგეგმილი რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის და ბიუროს სხდომები. პარლამენტმა ბიუროს სხდომა პიკეტირების აქციის დაშლის შემდეგ, საღამოს რვის ნახევარზე ჩაატარა.

უფლებადამცველები ადასტურებენ, რომ ფორმალურად არსებობდა პიკეტირების აქციის დაშლის საფუძველი, თუმცა, ხაზს უსვამენ, რომ ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა კონტექსტი, რომელმაც მშვიდობიანი აქციის ეს ფორმა განაპირობა და არც ის, რომ გამომწვევ მიზეზზე სრული პასუხისმგებლობა სწორედ მას აკისრია.

14 ნოემბერს პარლამენტმა ვერ მიიღო "ქართული ოცნების" უმრავლესობის მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი, რომელიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებდა უკვე მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის და არა 2024 წლიდან, როგორც ამას მოქმედი კონსტიტუცია განსაზღვრავს.

კანონპროექტს მხარი დაუჭირა 101-მა დეპუტატმა 3-ის წინააღმდეგ მაშინ, როცა საკონსტიტიციო ცვლილებების მიღებას სჭირდებოდა, სულ მცირე, 113 ხმა. სხდომას 141 დეპუტატი ესწრებოდა. პარლამენტის წევრები, რომლებმაც ხმა წინააღმდეგ მისცეს ან კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს, „ქართული ოცნების“ უმრავლესობას წარმოადგენენ.

„ქართული ოცნება“ მაჟორიტარული სისტემის მომდევნო, 2020 წლის არჩევნებისთვის გაუქმებას დათანხმდა 20 ივნისს დაწყებული ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციების შედეგად, რომლის მონაწილეთა ერთ-ერთი მოთხოვნა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა იყო.

პარლამენტში წარუმატებელი კენჭისყრის შემდეგ, სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიციურმა პარტიებმა „ქართული ოცნება“ და მისი თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ხალხის მოტყუებაში დაადანაშაულეს და საპროტესტო აქციები დაიწყეს მთავრობის გადადგომის, ცესკოს შემადგენლობის შეცვლის, ვადამდელი პროპორციული არჩევნების და 20-21 ივნისის აქციის დროს დაკავებულთა გათავისუფლების მოთხოვნებით.

XS
SM
MD
LG