Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასამართლო დღეს განიხილავს პარლამენტთან დაკავებულების ადმინისტრაციულ საქმეებს


პოლიციამ პარლამენტის პიკეტირების აქცია 18 ნოემბერს, საღამოს დაშალა
პოლიციამ პარლამენტის პიკეტირების აქცია 18 ნოემბერს, საღამოს დაშალა

თბილისის საქალაქო სასამართლოში დილის 10 საათიდან უნდა დაიწყოს პარლამენტის პიკეტირების აქციის დაშლისას დაკავებულთა საქმეების განხილვა.

პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ორი - ხულიგნობის და სამართალდამცავთა კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მუხლით დააკავა 37 პირი. მათ შორის, სამოქალაქო აქტივისტები გიგა მაქარაშვილი და ზუკა ბერძენიშვილი, ადვოკატი ბექა ბასილაია, 20 ივნისის აქციის ძალით დაშლისას დაშავებული ირაკლი ფავლენიშვილი და პარტია „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე.

10 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოსთან დაგეგმილია მოძრაობა „სირცხვილიას“ აქცია დაკავებულთა მხარდასაჭერად.

18 ნოემბერს საღამოს, სამართალდამცავებმა დაშალეს საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე პიკეტირების აქცია. გამოყენებული იყო წყლის ჭავლი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაშავდა აქციის 4 მონაწილე და 2 სამართალდამცველი.

შსს-მ აქციის დაშლის საფუძვლად დაასახელა შეკრებებისა და მანიფესტაციების კანონის მე-9 მუხლის დარღვევა. კერძოდ, ის, რომ კანონით აკრძალულია საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელების ბლოკირება და მისი საქმიანობის შეფერხება.

უფლებადამცველები ადასტურებენ, რომ ფორმალურად არსებობდა პიკეტირების აქციის დაშლის საფუძველი, თუმცა, ხაზს უსვამენ, რომ ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა კონტექსტი, რომელმაც მშვიდობიანი აქციის ეს ფორმა განაპირობა და არც ის, რომ გამომწვევ მიზეზზე სრული პასუხისმგებლობა სწორედ მას ეკისრება.

სამოქალაქო აქტივისტების და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა პარლამენტის შენობის შესასვლელების პიკეტირება 17 ნოემბერს, ღამით დაიწყეს, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასასავლელად ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილების ჩავარდნისადმი პროტესტის ნიშნად. 18 ნოემბერს დილით, აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობაში არ შეუშვეს რამდენიმე დეპუტატი. ჩაიშალა დღის პირველ ნახევარში დაგეგმილი რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის და ბიუროს სხდომები. პარლამენტმა ბიუროს სხდომა პიკეტირების აქციის დაშლის შემდეგ, საღამოს რვის ნახევარზე ჩაატარა.

14 ნოემბერს პარლამენტმა ვერ მიიღო „ქართული ოცნების“ უმრავლესობის მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი, რომელიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებდა უკვე მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის და არა 2024 წლიდან, როგორც ამას მოქმედი კონსტიტუცია განსაზღვრავს.

კანონპროექტს მხარი დაუჭირა 101-მა დეპუტატმა 3-ის წინააღმდეგ მაშინ, როცა საკონსტიტიციო ცვლილებების მიღებას სჭირდებოდა, სულ მცირე, 113 ხმა. სხდომას 141 დეპუტატი ესწრებოდა. პარლამენტის წევრები, რომლებმაც ხმა წინააღმდეგ მისცეს ან კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს, „ქართული ოცნების“ უმრავლესობას წარმოადგენენ.

„ქართული ოცნება“ მაჟორიტარული სისტემის მომდევნო, 2020 წლის არჩევნებისთვის გაუქმებას დათანხმდა 20 ივნისს დაწყებული ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციების შედეგად, რომლის მონაწილეთა ერთ-ერთი მოთხოვნა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა იყო.

პარლამენტში წარუმატებელი კენჭისყრის შემდეგ, სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიციურმა პარტიებმა „ქართული ოცნება“ და მისი თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ხალხის მოტყუებაში დაადანაშაულეს და საპროტესტო აქციები დაიწყეს მთავრობის გადადგომის, ცესკოს შემადგენლობის შეცვლის, ვადამდელი პროპორციული არჩევნების დანიშვნისა და 20-21 ივნისის აქციის დროს დაკავებულთა გათავისუფლების მოთხოვნებით.

XS
SM
MD
LG