საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ მმართველმა პარტიამ დაინახა საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტის ჩავარდნის რისკი და ამიტომ გადადო კენჭისყრა:
„რისკის ქვეშ დაყენება არ იქნებოდა სწორი. აქედან გამომდინარე, უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ სწორი გადაწყვეტილება მიიღო. ჩვენ გვექნება საშუალება შეკრების და განხილვის. დღეს 10 საათზე შევიკრიბეთ და 11 საათამდე უნდა დაგვესრულებინა გასაგები მიზეზის გამო. იმედი გვაქვს, რომ ან დღეს საღამოს, ან ხვალ დილით, უფრო ადრე შევიკრიბებით და მეტი დრო გვექნება იმისთვის, რომ ჩვენი კოლეგები დავარწმუნოთ ამ გადაწყვეტილების სისწორეში.
დღეს განხილვაში პრაქტიკულად ვერ შევედით, დრო სულ 1 საათი გვქონდა. ჩვენ ვიცოდით, რომ რამდენიმე დეპუტატი იყო წინააღმდეგი. რამდენიმე დეპუტატი ვერ შექმნიდა ჯამში ჩაგდების წინაპირობას. სადღაც 30-მა დეპუტატმა რომ არ დაუჭიროს მხარი, დიდი ალბათობაა, რომ ჩავარდეს საკითხი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტის კენჭისყრის გადადების შემდეგ.
საქართველოს პარლამენტმა ხვალისთვის, 14 ნოემბრისთვის გადადო კენჭისყრა „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე, რომელიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებს. კანონპროექტის განხილვა პლენარულ სხდომაზე 12 ნოემბერს დაიწყო.
საკონსტიტუციო კანონპროექტით, მაჟორიტარული სისტემა უნდა გაუქმდეს და მხოლოდ პროპორციული წესით ჩატარდეს უკვე მომდევნო, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები და არა 2024 წლიდან, როგორც ამას დღეს მოქმედი კონსტიტუცია ითვალისწინებს.
მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას ეწინააღმდეგება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მაჟორიტარი დეპუტატების ნაწილი. საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას, სულ მცირე, 113 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.
პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის პირობა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, მას შემდეგ დადო, რაც 2019 წლის ზაფხულში ზედიზედ რამდენიმე დღის განმავლობაში რუსთაველის გამზირი 3 მთავარი მოთხოვნით გადაიკეტა, მათ შორის ერთ-ერთი კი სწორედ პროპორციული არჩევნები იყო.