საქართველოს პარლამენტმა ხვალისთვის, 14 ნოემბრისთვის გადადო კენჭისყრა „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე, რომელიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებს.
კენჭისყრის გადადების გადაწყვეტილების გამოცხადებამდე, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ კონსულტაციები გამართა უმრავლესობის ლიდერთან და ოპოზიციის ხელმძღვანელებთან.
კენჭისყრის გადადება თალაკვაძემ იმით ახსნა, რომ უმრავლესობის შიგნით ჯერ კიდევ რჩება აზრთა სხვადასხვაობა.
"ვფიქრობ, ეს იქნება გონივრული გადაწყვეტილება, რომ დღეს კენჭისყრა რისკის ქვეშ არ დადგეს", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
პარლამენტის მიერ კენჭისყრის გადადების გადაწყვეტილების მიღებამდე სხდომაზე გამოცხადებული იყო ტექნიკური შესვენება, რომლის დროსაც უმრავლესობის ფრაქციების ხელმძღვანელების შეხვედრა შედგა. სწორედ მისი დასრულების შემდეგ ითხოვა უმრავლესობის ლიდერმა, გია ვოლსკიმ კენჭისყრის გადადება.
როგორც სხდომაზე დაბრუნებულმა ვოლსკიმ თქვა, "ცოტა ხმამაღალი საუბარი" გამოუვიდათ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ერთმანეთის მიმართ გადაულახავი ანტაგონიზმი აქვთ: „გადაულახავი ანტაგონიზმი, გადაულახავი აზრთა სხვადასხვაობა არ არსებობს, ყველაფრის გაკეთება შეიძლება, თუ მოვინდომებთ“.
გია ვოლსკიმ უმრავლესობის წევრებს შესთავაზა, საკითხის განსახილველად ხვალ, დილის 10 საათზე კიდევ ერთხელ შეიკრიბონ "ქართული ოცნების" ოფისში.