გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ ოპოზიციური სპექტრი პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ერთიანია. მისი თქმით, ხელისუფლებამ დაპირება უნდა შეასრულოს და შერეულ საარჩევნო სისტემაზე უარი თქვას.
საქართველოს ლეიბორისტულ პარტიაში ოპოზიციური პარტიების შეკრების დასრულების შემდეგ, გიორგი ვაშაძემ განმარტა, რომ ოპოზიცია სამ მთავარ პრინციპზე შეთანხმდა:
„პირველი და ძალიან მნიშვნელოვანი, შევთანხმდით, სრული კოორდინაცია გვექნება ყველა ოპოზიციურ ძალას უკლებლივ.
მეორე - გვექნება საერთო სამოქმედო გეგმა. ანუ იქნება ეს გარკვეული ნაბიჯები, რაც უნდა გადავდგათ საერთაშორისო საზოგადოებასთან, ქვეყნის შიგნით და ასე შემდეგ, აბსოლუტურად ყველაფერზე გვექნება საერთო სამოქმედო გეგმა.
და მესამე - მანამდე გვექნება კოორდინაცია, სანამ კონსტიტუციაში არ გაჩნდება ჩანაწერი პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით“, - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ. მისი შეფასებით, თუ „ქართული ოცნება“ უარს იტყვის საარჩევნო სისტემის შეცვლაზე, მისი მმართველობა მოსალოდნელზე გაცილებით ადრე დამთავრდება.
13 ნოემბერს ლეიბორისტული პარტიის ოფისში ოპოზიციური პარტიების 22 ლიდერი შეიკრიბა. შეკრების დასრულების შემდეგ მათ განაცხადეს, რომ თუ ხელისუფლება მხარს არ დაუჭერს საარჩევნო სისტემის ცვლილებების კანონპროექტს, ოპოზიცია კონსტიტუციით დაშვებულ ყველა საპროტესტო ფორმას მიმართავს.