პარლამენტმა 94 ხმით არც ერთის წინააღმდეგ, ხმათა ამ თანაფარდობით, სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწვიტა „ქართული ოცნების“ წარმომადგენელს ვანო ზარდიაშვილს.
„ქართული ოცნების“ უმრავლესობის წევრმა ვანო ზარდიაშვილმა დეპუტატის მანდატის დატოვების გადაწყვეტილება 7 ოქტომბერს მიიღო და განცხადებაც გაავრცელა.
ზარდიაშვილმა განცხადება საკუთარი სურვილით მას შემდეგ დაწერა, რაც იურიდიული კომიტეტის სხდომაზე მასსა და ეკა ბესელიას შორის დაპირისპირება მოხდა.
26 სექტემბერს, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია და უმრავლესობის წევრი ვანო ზარდიაშვილი ერთმანეთს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. დაპირისპირების მიზეზი გახდა ვანო ზარდიაშვილის მიერ წარმოთქმული ფრაზა „ბესელიას მორალი“.
„არც ერთ შემთხვევაში ეს არ უკავშირდება ამ ქალბატონს [ეკა ბესელიას], პირიქით, ამ ქალბატონს რომ უკავშირდებოდეს ჩემი გადადგომა, არ გადავდგებოდი და არ წავიდოდი“, - განაცხადა ჟურნალისტებთან კომენტარში ვანო ზარდიაშვილმა 7 ოქტომბერს.
ვანო ზარდიაშვილის ადგილმონაცვლე მეცხრე მოწვევის პარლამენტში, სავარაუდოდ, თემურ გოცირიძე იქნება. „ქართული ოცნების” პროპორციულ სიაში მასზე წინ ირაკლი ზარქუაა, თუმცა თბილისის საკრებულოს მოქმედმა დეპუტატმა პარლამენტში გადანაცვლებაზე უარი თქვა.
ვანო ზარდიაშვილის უფლებამონაცვლეს პარლამენტს ცესკო წარუდგენს.