საპარლამენტო ოპოზიციაში აცხადებენ, რომ „ქართული ოცნების“ უმრავლესობას არ მისცემენ საბაბს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის შესანარჩუნებლად.
„ჩვენ უმრავლესობას არ მივცემთ სპეკულირებისა და თავიანთი შიდა არეულობის ინსპირაციის შემთხვევაში, სხვებზე გადაბრალების შესაძლებლობას“, - განაცხადა დღეს, 12 ნოემბერს, საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ. მისი თქმით, ნებისმიერ ვარიანტში ხმას მისცემენ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს, თუმცა, მხარს დაუჭერენ ოპოზიციის მიერ წარმოდგენილ კანონპროექტსაც და შეეცდებიან პარლამენტის დარწმუნებას, რომ ეს ვარიანტი უკეთესია.
„ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერას აპირებს „ევროპული საქართველოც“.
„ისმის რა, რომ "ქართული ოცნების" უმრავლესობა მხარს დაუჭერს მხოლოდ მათ მიერ წარდგენილ პროექტს, ბუნებრივია, ჩვენ არ მივცემთ მათ არანაირ საბაბს იმისათვის, რომ ასეთი უმნიშვნელოვანესი მიღწევა ქართველი ხალხის, ჩააგდონ“, - უთხრა ჟურნალისტებს პარლამენტის წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა. მისი ინფორმაციით, „ევროპული საქართველოს“ დეპუტატები მხარს დაუჭერენ ოპოზიციური პარტიების მიერ ინიცირებულ კანონპროექტსაც.
„ქართული ოცნების“ კანონპროექტს მხარს უპირობოდ დაუჭერენ საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრებიც. ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ განაცხადა: „იმიტომ, რომ უმრავლესობას და „ქართულ ოცნებას“ არ მიეცეს საბაბი, გადაიფიქროს ის დაპირება და ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური განაცხადი, რომელიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ეხება“.
ბესელიამ თამაში და ცუდი ნიშანი უწოდა უმრავლესობის წარმომადგენელთა განცხადებებს, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასასვლელად, შესაძლოა, პარლამენტში ხმების საკმარისი რაოდენობა არ მოგროვდეს. „ასე მგონია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გადაიფიქრა პროპორციულ საარჩვენო სისტემაზე გადასვლა და მიზეზებს ეძებს“, - განაცხადა ბესელიამ.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი კახიანი ამბობს, რომ უმრავლესობის დეპუტატები მხარს დაუჭერენ „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტს. „შესაძლოა, უმრავლესობის რიგებში ყველამ არ დაუჭიროს მხარი აღნიშნულ ინიციატივას. უმეტესი ნაწილი უმრავლესობის წარმომადგენლების, რა თქმა უნდა, მხარს დაუჭერს, თუმცა, ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშე ჩვენ მაინც არ გვაქვს საჭირო რაოდენობა ხმების“, - უთხრა ჟურნალისტებს კახიანმა.
მხოლოდ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ეწინააღმდეგება უმრავლესობის წევრი მაჟორიტარი დეპუტატების ნაწილი.
საქართველოს პარლამენტში წარდგენილია საკონსტიტუციო ცვლილებების ორი პროექტი, რომელიც მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას ითვალისწინებს.
„ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიცირებული ცვლილებებით, მხოლოდ პროპორციული წესით ჩატარდება უკვე მომდევნო, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები და არა 2024 წლიდან, როგორც ამას დღეს მოქმედი კონსტიტუცია ითვალისწინებს. „ქართული ოცნების“ ინიციატივით, 3%-იანი საარჩევნო ბარიერი ე.წ. ნულოვანი ბარიერით უნდა შეიცვალოს და აიკრძალოს საარჩევნო ბლოკების შექმნა.
20 ოპოზიციური პარტიის მიერ 200 ათასზე მეტი მოქალაქის ხელმოწერით პარლამენტში ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილების თანახმად, პროპორციული სისტემით საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს 3%-იანი ბარიერით და არ უნდა აიკრძალოს საარჩევნო ბლოკების შექმნა.
საქართველოს 150-წევრიან პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას სულ მცირე 113 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.
„ქართულ ოცნებას“ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა აღარ ჰყავს.
მმართველი პარტია მაჟორიტარული სისტემის 2020 წლისთვის გაუქმებას დათანხმდა 20 ივნისს დაწყებული საპროტესტო აქციების შედეგად. რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო გამოსვლების მონაწილეთა ერთ-ერთი მოთხოვნა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა იყო.