20-21 ივნისის საქმეზე მიმდინარე გამოძიების შესახებ საქართველოს პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს.
„საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნების მიღების და შესაძლო დანაშაულებრივ ეპიზოდებთან დაკავშირებით დამატებითი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შემდეგ, დაზარალებულად იქნა ცნობილი მაკო გომური, ომარ სეხნიაშვილი და მირზა ლიპარტელიანი“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
როგორც პროკურატურა აცხადებს, ჩატარებულია ასობით საგამოძიებო მოქმედება - გამოკითხულია 600-ზე მეტი პირი, მათ შორის - სამართალდამცველი; გამოკვლეულია პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენების ამსახველი შესაბამისი ვიდეომასალა; დანიშნულია ექსპერტიზები.
რაც შეეხება მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სხვა პირების დაზარალებულად ცნობის საკითხს, პროკურატურის ცნობით, საგამოძიებო პროცედურების დასრულების შემდეგ თითოეულ ფაქტთან დაკავშირებით მიღებული იქნება შესაბამისი სამართლებრივი გადაწყვეტილება, რის შესახებაც საზოგადოებას პერიოდულად მიეწოდება ინფორმაცია.
30 ოქტომბერს გენერალურმა პროკურორმა შალვა თადუმაძემ თქვა, რომ მოქმედი კანონმდებლობით მას [მაკო გომურს] ვერ მიენიჭებოდა დაზარალებულის სტატუსი.