Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალექსანდრე წულაძე: ქორწინების დეფინიციის კონსტიტუციაში ჩადება აუცილებელი არ იყო


უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატის, ალექსანდრე წულაძის აზრით, კონსტიტუციაში ქორწინების დეფინიციის შეცვლა აუცილებელი არ იყო. საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში მიმდინარე მოსმენაზე მან განაცხადა,რომ ქორწინების, როგორც სამოქალაქო სამართლებრივი ინსტიტუტის ამ ხარისხში აყვანის საჭიროება არ არსებობდა:

„არ იყო აუცილებელი, ჩემი აზრით, იმიტომ, რომ არა თუ ჩვენ განვსაზღვრავთ პირებს, ვისთანაც შეგვიძლია [ქორწინება] და ეს მხარეთა თანასწორობაზე და სამოქალაქო სამართლის ყველა პრინციპის გამტარებელი ინსტიტუტია, არამედ ასევე ხელშეკრულებაც კი შეგვიძლია დავდოთ ამ ადამიანებთან. და აქედან გამომდინარე, როგორც ცივილისტმა, ასე ვთქვათ, არ მიმაჩნდა რომ ამის კონსტიტუციაში ჩაწერის აუცილებლობა იყო“, - განაცხადა ალექსანდრე წულაძემ დეპუტატ სერგი კაპანაძის კითხვაზე, რა შეიცვალა ახალ კონსტიტუციაში უარესობისკენ.

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დღეს, 7 ნოემბერს უსმენენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის რიგით მე-19 კანდიდატს, იურისტ ალექსანდრე წულაძეს. მას მოსამართლედ არასდროს უმუშავია.

2017 წლის ოქტომბრიდან დღემდე ალექსანდრე წულაძე იურიდიული კომპანიის, CLL Law Firm-ის პარტნიორია. 2015-2017 წლებში იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ხელმძღვანელობდა ჯერ საერთაშორისო თანამშრომლობისა და ხარისხის მართვის დეპარტამენტს, ხოლო შემდეგ საერთაშორისო თანამშრომლობისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტს.

2012-2015 წლებში ალექსანდრე წულაძე იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების უფროსის მოადგილე, შემდეგ კი უფროსი. 2011-2012 წლებში მუშაობდა იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის მრჩევლად. 2011 წელს ასრულებდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ბიუროს უფროსის მოვალეობას. 2008-2009 წლებში ალექსანდრე წულაძე იყო საადვოკატო ბიუროს, „გაბუნია და პარტნიორები“-ს იურისტი.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში 23 სექტემბრიდან მიმდინარეობს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ უვადოდ ასარჩევი კანდიდატების მოსმენა.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს სულ 20 კანდიდატი წარუდგინა.

XS
SM
MD
LG