საქართველოს უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატი ქეთევან ცინცაძე ამბობს, რომ 2004-2012 წლებში არსებული საკანონმდებლო ბაზა სასამართლო ხელისუფლების მოქმედების არეალს ზღუდავდა, თუმცა სასამართლოს პოლიტიზების პრობლემა უშუალოდ მას არ შეხებია:
„უშუალოდ ჩემს პერიოდში, ჩემთან მიმართებაში, ან იმ საქმეებთან მიმართებაში, რომელზეც მე მქონდა შეხება, ამისი თქმის საშუალება, რომ სასამართლო იყო პოლიტიზირებული, ნამდვილად არ მაქვს. მე არ მქონია შეხება, თუმცა შეფასებები ამასთან დაკავშირებით არსებობდა“, - აღნიშნა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატმა, ქეთევან ცინცაძემ დამოუკიდებელი დეპუტატის, ეკა ბესელიას კითხვაზე, 2012 წლის ოქტომბრამდე სასამართლო დამოუკიდებელი იყო თუ პოლიტიზირებული.
ქეთევან ცინცაძის ამ პასუხის შემდეგ ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ ხმას არ მისცემს კანდიდატს, რომელსაც თავისუფალი შეფასება და მოვლენებისთვის შესაბამისი სახელების დარქმევა უჭირს იმის შიშით, რომ არ აწყენინოს მაშინდელ მოსამართლეებს, რომლებსაც დღესაც გავლენიანი პოზიციები უკავიათ.
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის რიგით მე-18 კანდიდატს, ქეთევან ცინცაძეს უსმენენ.
2017 წლის ნოემბრიდან ქეთევან ცინცაძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი ინსპექტორია. მისი ფუნქციაა მოსამართლეთა მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების დაწყება და განხორციელება, საქმის გარემოებების მოკვლევის შედეგად შესაბამისი დასკვნის მომზადება და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის წარდგენა.
2011-2017 წლებში ქეთევან ცინცაძე საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის სამდივნოში, მოსამართლის თანაშემწედ მუშაობდა.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში 23 სექტემბრიდან მიმდინარეობს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ უვადოდ ასარჩევი კანდიდატების მოსმენა.
კომიტეტის სხდომაზე უკვე მოუსმინეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილ 20-დან 17 კანდიდატს.