Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნინო ქადაგიძე, მოსამართლეობის კანდიდატი: ჩემზე ზეწოლა არც ერთ ეტაპზე არ მომხდარა


ნინო ქადაგიძე
ნინო ქადაგიძე

საქართველოს უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატი, ნინო ქადაგიძე ამბობს, რომ არასდროს არ მოაწერს ხელს გადაწყვეტილებას, რომელზეც მართალი არ იქნება, პასუხი არ ექნება და მორალურად მყარად არ იგრძნობს თავს.

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში მიმდინარე მოსმენაზე მას დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა დაუსვა შეკითხვა, უგრძვნია თუ არა სახელმწიფოს მხრიდან პირადად მასზე და სისტემაზე ზეწოლა. პასუხად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა განაცხადა, რომ შეუძლია თქვას, რომ სასამართლო აბსოლუტურად თავისუფალი არც დღეს არის:

„მე შემიძლია გითხრათ, რომ ზეწოლა უშუალოდ ნამდვილად არ მიგვრძვნია არც ერთ ეტაპზე, ყოველთვის მქონდა იმის შესაძლებლობა, რომ ჩემი პრინციპები გამეტანა და გამეტანა ისე, რომ როგორც მე ამას მივიჩნევდი საჭიროდ.

სისტემაზე ზეწოლა არის თუ არა, ეს მარტივი თემა არ არის. მე პირადად მიმაჩნია, რომ დღესაც ვერ ვიტყვით, აბსოლუტურად არის სასამართლო თავისუფალი? სასამართლო თავისუფალია ინსტიტუციურად, თითოეული მოსამართლე თავისუფალია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მინიმუმ ორჯერ მაინც შეიცვლება ხელისუფლების ორი შტო და მესამე შტო, რომელიც არის სასამართლო, დარჩება თავის ადგილზე მყარად.

ამ შემთხვევაში ჩვენ უკვე თამამად შეგვიძლია ჩვენი მომავლის წინაშე განვაცხადოთ, რომ სასამართლო შედგა ქვეყანაში“, - აღნიშნა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატმა ნინო ქადაგიძემ. იგი ამბობს, რომ სისხლის სამართლის პროცესში მისთვის დღესაც ბევრი რამ მიუღებელია.

ერთკვირიანი პაუზის შემდეგ, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში განახლდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა მოსმენა. დღეს, 4 ნოემბერს, კომიტეტის სხდომაზე ნინო ქადაგიძეს უსმენენ.

ქადაგიძე 2013 წლიდან თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეა. 2002-2012 წლებში იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული პალატის მოსამართლე.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში 23 სექტემბრიდან მიმდინარეობს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ უვადოდ ასარჩევი კანდიდატების მოსმენა.

კომიტეტის სხდომაზე უკვე მოუსმინეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილ 20-დან 15 კანდიდატს.

XS
SM
MD
LG