Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მეუფე იაკობი: ჩემი სიტყვები უკან არ მიმაქვს


ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი იმეორებს, რომ 26 ოქტომბერს „ტვ პირველის“ ეთერში ნათქვამი მისი სიტყვები სიმართლეა და ეს სიტყვები უკან არ მიაქვს.

ქორეპისკოპოსი იაკობი ცოტა ხნის წინ საპატრიარქოში მივიდა, საპატრიარქოში შესვლამდე მან ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობის თქმით, მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის კაბინეტში მართლაც გაიმართა შეხვედრა, რომელსაც იმჟამინდელი სუს-ის უფროსი ვახტანგ გომელაური და შს მინისტრი გიორგი გახარია ესწრებოდნენ.

„ძალიან ბევრი დაბრკოლდა ჩემი საუბრების გამო. ჩემი ლექსიკის გამო ძალიან ბევრი დაბრკოლდა და ყველას შენდობას ვთხოვ და ბოდიშს მოვუხდი, მაგრამ უნდა გაითვალისწინოთ ჩემი მდგომარეობა. სამი წელი ისეთი რაღაცები ვიცოდი... რაღაც პოლიტიკოსებთან ჩარევა გვიწევს ხოლმე. როგორც მონაზონს, გულში მქონდა ხინჯი, ახლა კი ვარ თავისუფალი ადამიანი, ეს რომ ვთქვი.

რაც ვთქვი, ჩემი სიტყვები უკან არ მიმაქვს. სამი ადამიანი შემხვდა მე. მეოთხე არ შემხვედრია. ეს იყო პრემიერის კაბინეტში. თავად ბატონი გიორგი ბრძანდებოდა, ვახტანგ გომელაური და შს მინისტრი ბატონი გახარია. მინდა გითხრათ იქ რაც შევამჩნიე - უხერხულობას გრძნობდნენ, რა თემაზეც მელაპარაკებოდნენ. ბატონ გიორგისაც შევამჩნიე ეს და ბატონ ვახტანგსაც. უწმინდესთან დაკავშირებით რაღაც მკითხეს და ეს მე უწმინდესს 10 დღე არ ვუთხარი, ბოლოს მაინც ვუთხარი და ღირსეული პასუხიც შევუთვალეთ უკან“, - განაცხადა მეუფე იაკობმა.

კითხვაზე, იყო თუ არა ამ შეხვედრაზე საუბარი საქართველოს პატრიარქის ლიკვიდაციაზე, მეუფე იაკობმა აღნიშნა, რომ საუბარი იყო არა ლიკვიდაციაზე, არამედ პატრიარქის შეცვლაზე და, ასევე, მის შემცვლელზე.

ამასთან, ბოდბელმა ეპისკოპოსმა აღნიშნა, რომ შიო მუჯირის კანდიდატურა თავისთავად დადგებოდა პატრიარქის შემცვლელად, ვინაიდან ის პატრიარქის მოსაყდრეა და, აქედან გამომდინარე, მისი კანდიდატურის დაყენება არ ნიშნავს, რომ ის „მთავრობის კაცია“.

ბოდბელმა ეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა 26 ოქტომბერს ტვ „პირველის“ ეთერში საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, ყოფილი პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი და შს მინისტრი ვახტანგ გომელაური პატრიარქის გადაყენების მცდელობაში დაადანაშაულა.

„გახარია, გომელაური და კვირიკაშვილი „მეჩალიჩებოდნენ“, პატრიარქი გადავაყენოთ და შიო (მუჯირი) დავნიშნოთო. მე მაგათ ვუთხარი, ბიჭო, თქვენ მაგას ვინ გეკითხებათ, ეკლესიამ თვითონ იცის და ცოცხალი პატრიარქის წინააღმდეგ როგორ მიდიხართ-მეთქი“, - მეუფე იაკობი ამბობს, რომ ამ შინაარსის შეხვედრებს ხელისუფლების მაღალჩინოსნები სხვა მეუფეებთანაც მართავდნენ: - „მაგათ ყველას აწი მე მივხედავ. მაგათ ყველას ჩავარტყამ, სადაც ჩასარტყმელია. ბიძინა ამბობს ხოლმე, ვინ არის მეუფე, არავინ არ არისო. მე სინოდის ავტორიტეტული წევრი ვარ. მე ძლიერი პოზიციები მაქვს ეკლესიაში“, - განაცხადა მეუფე იაკობმა.

ბოდბელი ეპისკოპოსის სიტყვებს გიორგი გახარია სისულელეს უწოდებს და ამბობს, რომ მსგავს შეხვედრას არ დასწრებია.

„ეს მეუფე ის მეუფეა, რომელიც იძახდა, გახარია პრემიერი თუ გახდა, ჩამოვაგდებო. სერიოზული კომენტარი თუ გაინტერესებთ, პატრიარქი ბოლო 40 წლის განმავლობაში არის ამ ქვეყნის წარსულის სიმბოლო, დღევანდელი დღის სიმბოლო და მომავლის სიმბოლო. არაერთხელ აღვნიშნე, რომ ეკლესია არის ის შემაერთებელი ძალა, რომელიც ჩვენს სახელმწიფოებრიობას კრავს. თუ რატომ აკეთებს ასეთ განცხადებებს, მეუფეს მიმართეთ, მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ - მსგავსი სისულელეები უკვე საზღვარს გადასცდა. ერთხელ და სამუდამოდ უნდა გამოვიდეთ ამ პოლიტიკური კულტურიდან - მეწაღემ წაღები უნდა შეკეროს, ბანკირმა ბანკს უნდა მიხედოს, მეპურემ პური უნდა გამოაცხოს, მეუფემ ეკლესიაში უნდა იაროს და პოლიტიკას ყველამ თავი უნდა დაანებოს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

XS
SM
MD
LG