„არ არსებობს სასამართლოში არანაირი გავლენიანი ჯგუფი, რომელიც იღებს გარკვეული სახის გადაწყვეტილებას. სასამართლოში არსებობს გუნდი, რომელიც ზრუნავს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობაზე, მიუკერძოებლობაზე და სასამართლო სისტემის განვითარებაზე“, - ასე უპასუხა გიორგი მიქაუტაძემ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა, „ქართული ოცნების“ წევრის, სოფიო კილაძის კითხვას, რომლის მიხედვითაც, ნაციონალურმა მოძრაობამ საზოგადოებაში ჩამოაყალიბა აზრი, რომ სასამართლო სისტემაში არსებობს მოსამართლეების გავლენიანი ჯგუფი, რომლებიც კონტროლს ახორციელებენ მთელ სასამართლო სისტემაზე.
გიორგი მიქაუტაძის თქმით, ის გადაწყვეტილებები, რომლებსაც დღეს მოსამართლეები იღებენ, არის მაქსიმალურად გამჭვირვალე:
„ბოლო პერიოდში, სასამართლო სისტემას მოუწია ბევრი რეფორმის გავლა და ის რეფორმები და ის საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებსაც თქვენ გვთავაზობდით, ჩვენი განსახორციელებელია და ეს არ არის მარტივი პროცესი. არის შემთხვევები, როდესაც ამ პროცესში ჩვენ გვიწევს სასამართლოს დამოუკიდებლობის დაცვა და შესაძლებელია, რომ ამ პოლემიკაში გაჩნდეს განცდა იმისა, რომ სასამართლო სისტემა ჩაკეტილია, მაგრამ ეს ასე არ არის და ამას ყველას ვუდასტურებთ საქმით. ჩვენ ვერ ვიტყვით უარს გადაწყვეტილებების მიღებაზე იმის გამო, რომ ამას შეიძლება კრიტიკა მოჰყვეს“.
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, გიორგი მიქაუტაძეს უსმენს.
მიქაუტაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანია.
არასამთავრობო სექტორი და ოპოზიციური პარტიები გიორგი მიქაუტაძეს სასამართლოში არსებული „კლანის“ წარმომადგენლად მიიჩნევენ და კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ მის არჩევას.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 23 სექტემბრიდან 21 ოქტომბრის ჩათვლით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 11 კანდიდატს მოუსმინა. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს სულ 20 კანდიდატი წარუდგინა.