15 ოქტომბერს გორის რაიონულმა სასამართლომ 75 წლის კაცს, რომელიც 5 წლის ბავშვზე სექსუალურად ძალადობდა, ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
შსს-ს ცნობით, შემაშფოთებელია საქართველოში ბავშვებზე სექსუალური ძალადობის შესახებ სტატისტიკა. ოფიციალური მონაცემებით, 2017 წელს, საქართველოში პედოფილიის 174 შემთხვევა დაფიქსირდა. 2018 წელს - 287.
როგორ ვასწავლოთ ბავშვებს სექსუალური ძალადობის ამოცნობა? რა უნდა იცოდნენ მათ, რომ მოძალადისგან თავი დაიცვან? - ფსიქოლოგი მაია ცირამუა ამბობს, რომ სექსუალური ძალადობის პრევენციისათვის, საზოგადოების ცნობიერებაში მნიშვნელოვანი ფაქტორი უნდა შეიცვალოს. მათ შორის, მშობლების დამოკიდებულება ბავშვების პირად სივრცესთან დაკავშირებით, რომელიც ჩვილობის ასაკიდან უნდა დაიწყოს.
ერთ-ერთი პირველი რეკომენდაცია, რომელსაც მაია ცირამუა მშობლებისათვის იძლევა, ეს არის საზოგადოებაში არსებული იმ ნორმის აღმოფხვრა, რომელიც მოზარდებს პატარა ასაკიდან ურღვევს პირად სივრცეს:
„სამწუხაროდ, ჩვენს საზოგადოებაში ნორმად ითვლება, მაგალითად, ჩვილის სასქესო ორგანოებზე მოფერება. ყველა მშობელმა უნდა გააცნობიეროს, რომ ოჯახის არცერთ წევრს არ აქვს უფლება შეეხოს ბავშვის გენიტალიებს, ე.წ. მოფერების მიზნით. ზრდასრულმა ადამიანებმა უნდა გააცნობიერონ, რომ ბავშვებს და მათ შორის ჩვილებს, აქვთ პირადი სივრცე და ამ სივრცის დარღვევა არ შეიძლება. გავრცელებული ნორმაა, მაგალითად, ე.წ. „ტაკოზე წამორტყმა“, ლოყაზე ჩქმეტა, მოთათუნება. საზოგადოება უნდა მიეჩვიოს, რომ ბავშვის ნებართვის გარეშე, თუნდაც ლოყაზე მოთათუნება, არ შეიძლება. მაშინ, როდესაც უფლებას ვაძლევთ სხვა ადამიანებს, ნებართვის გარეშე შეეხონ ბავშვებს, ჩაისვან ისინი კალთაში, ბავშვებს უყალიბდებათ წარმოდგენა, რომ ეს ნორმაა და უცხო ადამიანების შეხებაზე შესაძლოა მათ პროტესტი აღარ გამოხატონ, რამაც არ არის გამორიცხული, რომ მათი უსაფრთხოება საფრთხის ქვეშ დააყენოს. ასეთი პრინციპების დაცვა, ბავშვისთვის ახსნა, რომ მან პირადი სივრცის დარღვევის უფლება არავის უნდა მისცეს, მათ შორის, არც ოჯახის ახლობელ ადამიანს, არის კარგი პრევენცია სამომავლოდ სექსუალური ძალადობის თავიდან ასარიდებლად“.
ფსიქოლოგთა რეკომენდაციებს შორის ერთ-ერთი უმთავრესი რეკომენდაციაა, რომ მშობლებმა, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების პედაგოგებმა და შემდეგ უკვე დაწყებითი კლასის მასწავლებლებმა, ბავშვებს ადრეული ასაკიდანვე აუხსნან, რომ არსებობს სხეულის ისეთი ორგანოები, რომლებზე შეხებაც აკრძალულია:
„3 წლის ასაკიდან შეიძლება დაველაპარაკოთ ბავშვებს შეხების თავისებურებებზე. როგორი შეხებაა სახიფათო, რატომ არ უნდა შეეხონ მას, მაგალითად, გენიტალიებზე. შეგვიძლია ავუხსნათ, რას ნიშნავს ინტიმური ადგილები და რატომ ვფარავთ მათ ტანსაცმლით და რომ ინტიმურ ადგილებზე შეხება ნიშნავს, რომ ვიღაც უხეშად იჭრება შენს პირად სივრცეში და ეს არ არის ნორმა. კარგი იქნება, თუკი მსგავსი უსაფრთხოების გაკვეთილები სხვადასხვა კომიქსებისა და ნახატების გამოყენებით, სკოლამდელ დაწესებულებებში და სკოლის პირველ საფეხურზე დაინერგება. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ტიპის ინფორმაციის მიწოდებაში აქტიურად იყოს ჩართული პირველადი ჯანდაცვის რგოლი, პედიატრები, ოჯახის ექიმები. სამწუხაროდ, პრაქტიკა აჩვენებს, რომ ყველაზე მაღალი პროცენტი სექსუალური ძალადობისა, მოდის 11 წლამდე ბავშვებზე“.
ხრიკი, რომელსაც მოძალადეები მსხვერპლ ბავშვებთან მიმართებით ხშირად იყენებენ, ეს არის ე.წ. „საიდუმლოს შენახვა“. მაია ცირამუა ამბობს, რომ მშობლებმა ადრეული ასაკიდანვე უნდა აუხსნან ბავშვებს, რას ნიშნავს სახიფათო საიდუმლო და რა განასხვავებს მას ე.წ. კეთილი საიდუმლოსგან:
„როგორც წესი, ბავშვებს მოსწონთ, როდესაც მათ ეუბნებიან, „მოდი, ეს იყოს ჩვენი საიდუმლო“. ამიტომ ბავშვებს თავიდანვე უნდა ვასწავლოთ „სახიფათო საიდუმლოს“ ამოცნობა. შეიძლება ავუხსნათ, მაგალითად, ასე: კეთილი საიდუმლოა, თუკი დავთქვამთ, მოდი, არ ვუთხრათ შენს პატარა ძმას, რომ მას დაბადების დღეზე ველოსიპედს ვაჩუქებთ, მაგრამ სახიფათო საიდუმლოა, თუკი ვინმე გთხოვს, დამალო, რომ ის შენ გეხება და შენ ეს არ გსიამოვნებს“.
როდესაც საქმე ეხება სექსუალურ ძალადობასა და ბავშვებს, მაია ცირამუა ამბობს, რომ აუცილებელია, მოზარდს ჰქონდეს მშობლების იმედი და არ ეშინოდეს მათი რეაქციის.
ბავშვებზე სექსუალური ძალადობის დანაშაულის მზარდი სტატისტიკა დაედო საფუძვლად შსს-ს საკანონმდებლო ინიციატივას და 2019 წლის დასაწყისში, პარლამენტში შევიდა კანონპროექტი „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“.
კანონპროექტის თანახმად, სახელმწიფო გეგმავს კანონის გამკაცრებას პედოფილიის ფაქტებზე - როგორც სასჯელის გაზრდას, ისე ამ დანაშაულში მსჯავრდადებულთათვის მთელი რიგი უფლებების ჩამორთმევას - საპატიმროში. ციხის დატოვების შემდეგ კი ახალი კანონი პოლიციას ამ დანაშაულის ჩამდენ პირებზე კონტროლის დაწესებას ითვალისწინებს.
ამ დროისათვის, კანონპროექტი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ერთი მოსმენითაა მხარდაჭერილი. თუმცა, მიუხედავად, არსებული პრობლემისა, კანონპროექტის განხილვა მომდევნო ორი თვის განმავლობაში არ განახლდება. როგორც პარლამენტში განმარტავენ, კანონპროექტის განხილვა გადაიდო შსს-ში განხორციელებულმა საკადრო ცვლილებების გამო.