ეს უნდა იყოს ბოლო შანსი. მგონია, რომ საზოგადოებაშიც უკვე არსებობს კონსენსუსი, რომ ჩვენ უსასრულოდ ვერ მოვახდენთ გადავადებას, - განაცხადა, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ბრიფინგზე, სადაც „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ მიერ ვალდებულებების შესრულების ვადის ამოწურვას და ამასთან დაკავშირებით მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.
„გადავწყვიტეთ, რომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ დრო წლის ბოლომდე მივცეთ, რათა შეასრულოს დროულად ეს ვალდებულებები, რაც აქვს აღებული და ნაკისრი საინვესტიციო ხელშეკრულებით და წლის ბოლომდე მოახერხოს, როგორც საკუთარი კაპიტალის ნაწილში, ასევე ბანკებთან 400 მილიონი დოლარის მოზიდვის ნაწილში საკუთარი ვალდებულებების შესრულება“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
კითხვაზე, არის თუ არა ეს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმისთვის“ ბოლო შანსი, მაია ცქიტიშვილმა უპასუხა:
„დიახ, ეს უნდა იყოს ბოლო შანსი, რადგან მოგეხსენებათ, რომ ჩვენ 2017 წლის აგვისტოს შემდეგ ვავადებთ ვალდებულებების შესრულებას და ეს უკვე მეექვსე გადავადებაა. ბოლო გადავადებით სწორედ რომ წლის ბოლომდე ჰქონდა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ დადგენილი ეს ვადა. ფაქტობრივად, უკვე ორი წლით გადავავადეთ ამ სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი პროექტის შესრულება. ამდენად, ალბათ დაგვეთანხმებით და მგონია, რომ საზოგადოებაშიც უკვე არსებობს კონსენსუნსი, რომ ჩვენ უსასრულოდ ვერ მოვახდენთ გადავადებას“, - აღნიშნა მინისტრმა.
მთავრობა "ანაკლიის კონსორციუმთან“ ხელშეკრულებას არ წყვეტს, ვალდებულებების შესასრულებლად ვადას წლის ბოლომდე იძლევა
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა 15 ოქტომბერს განაცხადა, რომ მთავრობას იმის ნაცვლად, რომ მხარდაჭერა გამოეცხადებინა ანაკლიის პროექტისთვის, ბოლო რამდენიმე თვისა და კვირის განმავლობაში სამინისტრომ მისი „საბოტაჟირება“ მოახდინა. მისივე თქმით, კონსორციუმმა სამინისტროს ჩააბარა დოკუმენტაცია კონკრეტული ხედვებით და მთავრობას მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომისკენ მოუწოდებდა.
15 ოქტომბერს ამოიწურა ვადა, როდესაც ინვესტორს უნდა წარმოედგინა სავალდებულო დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა კაპიტალის სრულად შევსებას. გარდა ამისა, მას უნდა წარმოედგინა წინასწარი, არასავალდებულო დოკუმენტი, რომელიც შეეხებოდა სასესხო დაფინანსების მოპოვებას ბანკების მხრიდან.