Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

MDF: ხელისუფლება 2018 წელსაც აფინანსებდა მედიებს, რომლებიც სიძულვილის ენას ტირაჟირებენ


ხელისუფლება - გადასახადების გადამხდელთა ფულით - 2018 წელსაც უკვეთავდა რეკლამას მედიასაშუალებებს, რომლებიც სიძულვილის ენას და ანტიდასავლურ განწყობებს აღვივებენ. ამის შესახებ საუბარია მედიის განვითარების ფონდის (MDF) ანგარიშში „მედიის ფინანსური გამჭვირვალობა 2018“.

MDF-ის ცნობით, გამოიკვეთა 7 მედიასაშუალება, რომელთაგან ყველაზე მაღალი ღირებულების კონტრაქტი გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკასთან“ გაფორმდა.

130 025 ლარი ბიუჯეტიდან "საქართველოს რესპუბლიკას"

ანგარიშის თანახმად, გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკაში“ ვხვდებით როგორც ანტიდასავლური, ასევე ჰომოფობიური, თურქოფობიული შინაარსის მასალებს და კონსპირაციებს.

მაგალითად, 2018 წლის 21 აგვისტოს გამოქვეყნებული სტატია, სათაურით „ოვერტონის ფანჯარა ანუ როგორ გვრყვნიან“ როგორც ჰომოფობიური, ასევე ანტიდასავლური შინაარსისაა და ოვერტონის ფანჯრის შესახებ რუსულ მედიაში გავრცელებულ კონსპირაციებს ავრცელებს.

2018 წლის 23 თებერვალს გამოქვეყნებულ სტატიაში, სათაურით „სამკვდრო სასიცოცხლო ბრძოლა სიკეთესა და ბოროტებას შორის“ რუსეთი წარმოჩენილია ერთადერთ ძალად, რომელიც ევროპას (ბოროტებას) ებრძვის და ტრადიციულ იდენტობას იცავს. სტატიაში, ავტორი ზურაბ ცუცქირიძე წერს:

„ჰო და მივიღეთ ის, რასაც XX საუკუნის დასაწყისში ქადაგებდნენ სატანისტები: არა ზნეობას! არა ოჯახს! არა ტრადიციებს! არა ერს! გარყვნილება კულტურაა! ბოზობა - ემანსიპაცია! ნარკომანია პიროვნული თავისუფლებაა!..“

მომსახურება დაუკვეთეს უწყებებმა:

  • გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო;
  • რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი;
  • მუნიციპალური განვითარების ფონდი;
  • სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია;
  • აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო;
  • სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“;
  • ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია;
  • საქპატენტი;
  • სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტო;
  • სხვა საქვეუწყებო ან ადგილობრივი ხელისუფლების სამსახურები.

36 173 ლარი ბიუჯეტიდან Newspress.ge, nsp-ს

ანგარიშის თანახმად, ეს სააგენტო რუსეთის სახელისუფლებო მედია Sputnik-ის მასალებს და პროექტებს პოპულარიზაციას უწევს. მაგალითად, საიტზე იძებნება მასალა, სახელად „ტოპმენეჯერი ჟურნალისტებს 'ფეიკ-ნიუსებსა' და 'ჰეიტერებზე' ესაუბრა“ - ამ ღონისძიებაში კი კრემლის პროპაგანდისტული სატელევიზიო არხის, RT-ის მთავარი რედაქტორის მოადგილე მონაწილეობდა.

მომსახურება დაუკვეთეს უწყებებმა:

  • სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო;
  • ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო;
  • ცენტრალური საარჩევნო კომისია;
  • სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია;
  • ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო;
  • აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო;
  • თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა;
  • ქ. თბილისის დიდუბის რაიონის გამგეობა;
  • ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერია და სხვა საქვეუწყებო ან ადგილობრივი ხელისუფლების სამსახურები.

8 114 ლარი ბიუჯეტიდან "მარშალპრესს"

შედარებით მცირე თანხა მიიღო სააგენტო „მარშალპრესმა“, რომელიც - ანგარიშის მიხედვით - ტენდენციური გაშუქების გარდა, მანიპულაციური და დეზინფორმაციული შინაარსის მასალებსაც ავრცელებდა.

მომსახურება დაუკვეთეს უწყებებმა:

  • სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო;
  • სამართლებრივი დახმარებისა და საზოგადოებრივი ჩართულობის მუნიციპალური ცენტრი;
  • ქედის მუნიციპალიტეტი.

3 746 ლარი ბიუჯეტიდან "ობიექტივს" და 3 100 ლარი "სამეფო არხს"

ტვ „ობიექტივსა“ და „სამეფო არხთან“ მცირე ღირებულების კონტრაქტები 2018 წელს, ღია წყაროებით არსებული ინფორმაციის თანახმად, მხოლოდ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ჰქონდა გაფორმებული.

„ობიექტივი“, რომელიც პატრიოტთა ალიანსთან დაკავშირებული მედიაა, სიძულვილის ენის და ანტიდასავლური განწყობების გაღვივების კუთხით MDF-ის 2018 წლის ანგარიშებშიც მოხვდა. „სამეფო არხი“ კი სხვადასხვა კონსპირაციის წყაროა და რელიგიური თემატიკით მანიპულირებს.

თბილისი 24 და გაზეთი ალია

მედიის განვითარების ფონდის ინფორმაციით, 50 000-ლარიანი ხელშეკრულებიდან თანხის ნაწილი - რომლის დაზუსტება ვერ ხერხდება - მიიღეს ონლაინგამოცემებმა „თბილისი 24“ და „ალია“. ცნობილია, რომ დამკვეთებს შორის არის სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო.

„თბილისი 24“-ის 50%-ს ვლადიმერ ბედუკაძე ფლობს, პარტია „ცენტრისტების“ ლიდერი. პარტიის წინასაარჩევნო რეკლამა მოსახლეობას ჰპირდებოდა 400-ლარიან რუსულ პენსიასა და რუსული ბაზების დაკანონებას.

მედიის განვითარების ფონდის 2018 წლის „სიძულვილის ენის“ ანგარიშის თანახმად, „ალიაში“ 41 სიძულვილის ენის შემცველი სარედაქციო კომენტარი გაკეთდა. „ალიას“ ერთ-ერთი ყალბი ამბავი კი არაბი ეროვნების მიგრანტის მიერ ქართველი გოგონას გაუპატიურებას შეეხებოდა.

XS
SM
MD
LG