Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

NATO-საქართველოს კომისიამ ერთობლივი განცხადება გაავრცელა


ალიანსის ჩრდილოატლანტიკურ საბჭოს (NAC) დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში ბათუმში NATO-ს-საქართველოს კომისიის სხდომა ჩატარდა. ღონისძების თავმმჯდომარეები საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია და NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილე როუზ გოტმიოლერი თავმჯდომარეობდნენ.

კომისიამ სხდომის შემდეგ ერთობლივი განცხადება გაავრცელა, რომელსაც სრულად გთავაზობთ:

1. დღეს, ბათუმში საქართველოს პრემიერ მინისტრის მონაწილეობით გაიმართა NATO-საქართველოს კომისიის სხდომა (NGC) ელჩების დონეზე. მოკავშირე ელჩებმა და ქართულმა მხარემ ხაზგასმით აღნიშნეს ალიანსთან საქართველოს ურთიერთობების უნიკალური მასშტაბი და სიღრმისეულობა. მოკავშირეები მიესალმნენ უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში საქართველოში დემოკრატიის კონსოლიდაციის, ეკონომიკური განვითარების, თავდაცვითი ინსტიტუტების ეფექტურობის გაზრდისა და თავდაცვის ძალების მოდერნიზაციის კუთხით მიღწეულ არსებით პროგრესს. საქართველოს ახალი მთავრობა მოწოდებულია განაგრძოს აღნიშნული რეფორმების განხორციელება.

2. ხვალ, ჩრდილოატლანტიკური საბჭო შეხვდება პრეზიდენტ ზურაბიშვილს, პარლამენტის თავმჯდომარეს, პარლამენტის წევრებსა და მთავრობის წარმომადგენლებს. ისინი ასევე შეხვდებიან სამოქალაქო საზოგადოებას. ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ოფიციალური ვიზიტი, მოკავშირე ელჩებისთვის კარგი შესაძლებლობაა აღნიშნონ ბოლო 5 წლის განმავლობაში NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში მიღწეული წარმატება. მიღებულ იქნა NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განახლებისა და გაუმჯობესების გადაწყვეტილება. ელჩები აპირებენ ადგილზე გაეცნონ საქართველოს რეფორმებს თავდაცვის სფეროში, შიდა პოლიტიკურ რეფორმებს და NATO-საქართველოს ურთიერთობის ყველა ასპექტს, მათ შორის, შავი ზღვის რეგიონთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებს და განიხილონ სამომავლო პრიორიტეტები.

3. საქართველო, ოპერაციებში მონაწილეობის თვალსაზრისით, ალიანსის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ასევე არის NATO-ს გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორი. მოკავშირეები დიდად აფასებენ საქართველოს ურყევ მხარდაჭერას NATO-ს ოპერაციებისა და მისიებისადმი. კერძოდ, საქართველოს მონაწილეობას NATO-ს სწრაფი რეაგირების ძალებსა და მტკიცე მხარდაჭერის მისიაში (RSM), როგორც ერთ-ერთი უმსხვილესი კონტრიბუტორი. ჩვენ ქედს ვიხრით ქართველი ხალხის მიერ საერთო უსაფრთხოების განმტკიცებისთვის გაღებული მსხვერპლის წინაშე და მადლიერებას გამოვხატავთ საქართველოს წვლილისთვის. ეს ძალისხმევა, საქართველოს ევროკავშირის ოპერაციებში მონაწილეობასთან ერთად, წარმოაჩენს საქართველოს ერთგულებას და მის შესაძლებლობას საკუთარი წვლილი შეიტანოს საერთო ევრო-ატლანტიკურ უსაფრთხოებაში.

4. NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის 5 წლისთავის აღნიშვნისას, მოკავშირე ელჩებმა და საქართველომ აღიარეს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის წარმატება, რომელიც საქართველოს, NATO​-სა და პარტნიორი ქვეყნების ერთობლივი ძალისხმევის შედეგად იქნა მიღწეული. თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა და NATO-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრი (JTEC) წარმატებით ფუნქციონირებს და NATO მხარს უჭერს მათ მნიშვნელოვან მიზნებსა და ამოცანებს. ჩვენ მივესალმებით NATO-საქართველოს სწავლებას, რომელიც 2019 წლის მარტში, NATO-ს 21 წევრი და 3 პარტნიორი ქვეყნის მონაწილეობით ჩატარდა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს გენერალურმა შტაბმა და JTEC-მა, NATO-ს სტანდარტებზე დაყრდნობით, ერთობლივად დაგეგმეს და წარუძღვნენ კრიზისებზე რეაგირების მრავალეროვნულ სწავლებას. ჩვენ, ამ გამოცდილებაზე დაყრდნობით და “NATO-ს ერთობლივი ძალების სწავლების ცენტრის“ მხარდაჭერით, ვემზადებით მორიგი, 2022 წლის NATO-საქართველოს სწავლებისთვის. ამასთანავე, მიღწეულია მნიშვნელოვანი პროგრესი სხვა ინიციატივების განხორციელების კუთხითაც. მოკავშირეები მომავალშიც განაგძობენ არსებითი პაკეტის მხარდაჭერას. ამ კონტექსტში, ახლახანს გაცხადებული იქნა ახალი სფეროები, სადაც მიმართული იქნება მათი მხარდაჭერა. NATO-საქართველოს არსებითი პაკეტი მნიშვნელოვნად უწყობს ხელს საქართველოში თავდაცვის რეფორმების განხორციელებას, NATO-სთან თავსებადობის ამაღლებას და საქართველოს მედეგობის გაძლიერებას.

5. NATO და საქართველო მზად არიან კიდევ უფრო გააღრმაონ ეს თანამშრომლობა. ბოლო 5 წლის წარმატებაზე დაყრდნობით, მოკავშირეებმა გადაწყვიტეს, რომ 2020 წელს NATO​-მ და საქართველომ, გაუმჯობესებისა და გაძლიერების მიზნით, უნდა გაანახლონ NATO-საქართველოს არსებითი პაკეტი.

6. NATO აფასებს საქართველოს ჩართულობასა და შეტანილ წვლილს შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების შესახებ სტრატეგიულ დისკუსიებსა და სიტუაციურ ანალიზში. ამ მიმართულებით NATO კიდევ უფრო ავითარებს დიალოგსა და პრაქტიკულ თანამშროლობას საქართველოსთან, მათ შორის არსებითი პაკეტის ფორმატშიც. NATO-ს 2019 წლის აპრილის საგარეო საქმეთა მინისტერიალზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, რამდენიმე ახალი მიმართულება უკვე იქნა ინიცირებული. NATO მიესალმება საქართველოს ძალისხმევას კიდევ უფრო გააძლიეროს NATO-სა და წევრი ქვეყნებისთვის ლოგისტიკური მხარდაჭერა. NATO-მ გაზარდა საქართველოს მხარდაჭერა, მათ შორის, სანაპირო დაცვის აბორდაჟის ჯგუფების წვრთნის, NATO-ს საზღვაო შენაერთებსა და საქართველოს სანაპირო დაცვას შორის ურთიერთქმედების გაზრდის, საპორტო ვიზიტების, სწავლებებისა და სიტუაციური ანალიზის შესაძლებლობების გაუმჯობესების მიმართულებებით. მოკავშირეები მიესალმებიან საქართველოს ძალისხმევას გააუმჯობესოს ახლად შეძენილი საპატრულო კატარღების თავსებადობა NATO-სთან.

7. მოკავშირეთა ელჩები მიესალმებიან საქართველოს თვალსაჩინო პროგრესს თავდაცვის დანახარჯებისა და ყოვლისმომცველი რეფორმების კუთხით, რომელიც მიმართულია საქართველოს თავდაცვისა და მედეგობის შესაძლებლობების გაუმჯობესებისკენ.

8. საქართველო კიდევ ერთხელ ადასტურებს მისწრაფებას გახდეს NATO-ს წევრი, რაც მისი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტია და მოსახლეობის ძლიერი მხარდაჭერით სარგებლობს. მოკავშირეები ადასტურებებენ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი და გაწევრიანების სამოქმედო გეგმა (MAP) არის ამ პროცესის შემადგენელი ნაწილი; მოკავშირეები კვლავ ადასტურებენ ამ გადაწყვეტილების ყველა ელემენტს, ისევე როგორც - შემდგომ გადაწყვეტილებებს. ელჩები მიესალმებიან 2008 წლის შემდგომ მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს. ალიანსთან საქართველოს ურთიერთობა, საბოლოო წევრობისთვის მოსამზადებლად, ყველა პრაქტიკულ მექანიზმს მოიცავს. კონკრეტულად, NATO-საქართველოს კომისია, წლიური ეროვნული პროგრამა და NATO-საქართველოს არსებითი პაკეტი. მოკავშირეები აღიარებენ საქართველოს მნიშვნელოვან პროგრესს რეფორმების გზაზე და მოუწოდებენ საქართველოს შეინარჩუნოს ეს პროგრესი. აღნიშნული რეფორმები ეხმარება საქართველოს, როგორც ასპირანტ სახელმწიფოს, მიაღწიოს პროგრესს წევრობისთვის მომზადების პროცესში, რაც ასევე აძლიერებს საქართველოს თავდაცვით შესაძლებლობებს და ამაღლებს ალიანსთან თავსებადობას.

9. მოკავშირეები ადასტურებენ სრულ მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მოვუწოდებთ რუსეთს, უარი თქვას საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის ეგრეთ წოდებულ დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების შესახებ გადაწყვეტილებაზე. ვგმობთ ადამიანის უფლებათა დარღვევის მძიმე შემთხვევებს, რომელებსაც ადგილი აქვთ აღნიშნულ რეგიონებში, ასევე ამ რეგიონების მილიტარიზაციას, მავთულხლართების ღობეების და ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ სხვა ხელოვნური, საზღვრის მსგავსი დაბრკოლებების მშენებლობის განახლებას. ეს ნაბიჯები არღვევს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას და უხეშად ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის პრინციპებს, ეუთოს პრინციპებს და რუსეთის საერთაშორისო ვალდებულებებს. ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს ევროკავშირის შუამდგომლობით 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, კერძოდ, გაიყვანოს საქართველოს ტერიტორიიდან საკუთარი ძალები, რომლებიც იქ იმყოფებიან საქართველოს თანხმობის გარეშე, და საშუალება მისცეს ადგილზე საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმის შექმნას. მივესალმებით საქართველოს მიერ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულებას და ძალის გამოუყენებლობის თაობაზე ცალმხრივად აღებულ ვალდებულებას და მოვუწოდებთ რუსეთს, გადადგას საპასუხო ნაბიჯები. მოკავშირეები არ აღიარებენ ე. წ. არჩევნებს, რომლებიც საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის რეგიონებში ივნისსა და აგვისტოში ჩატარდა. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ჩართულობისა და ნდობის აღდგენისკენ მიმართულ ქმედებებს და მივესალმებით საქართველოს მთავრობის ძალისხმევას, რომ მოახდინოს ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ იმპლემენტაცია. ასევე მივესალმებით საქართველოს ძალისხმევას გააუმჯობესოს აფხაზეთისა და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის ცხოვრების დონე. მოკავშირეები მტკიცე მხარდაჭერას უცხადებენ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატს, რომელსაც თანათავმჯდომარეობენ ევროკავშირი, გაერო და ეუთო. ასევე ხაზს უსვამენ საკვანძო საკითხებზე ხელშესახები შედეგების მიღების აუცილებლობას მოლაპარაკებათა პროცესში, რათა მოხერხდეს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

10. ჩვენი დღევანდელი შეხვედრა NATO-საქართველოს ყოვლისმომცველი და განგრძობითი ურთიერთობის გამოხატულებაა. მომავალში ჩვენ ველით, რომ NATO-საქართველოს კომისია კვლავ შეასრულებს მთავარ როლს საქართველოსა და ალიანსს შორის პოლიტიკური დიალოგის გაღრმავებასა და პრაქტიკული თანამშრომლობის გაძლიერებაში.

11. მოკავშირეები მადლიერებას გამოხატავენ ვიზიტის დროს საქართველოს მიერ გაწეული განსაკუთრებული მასპინძლობისთვის.

NATO-საქართველოს კომისიის მიზნებია გააღრმავოს პოლიტიკური დიალოგი და თანამშრომლობა NATO-სა და საქართველოს შორის ყველა შესაბამის დონეზე;

ზედამხედველობა გაუწიოს NATO-ს ბუქარესტის სამიტზე დაწყებული პროცესის წარმართვას;

კოორდინაცია გაუწიოს ალიანსის ძალისხმევას, ხელი შეუწყოს საქართველოს ბოლოდროინდელი კონფლიქტის შედეგების აღმოფხვრას;

ხელი შეუწყოს საქართველოს ძალისხმევას, გააგრძელოს NATO-ში გაწევრიანების მიზნით მის ევროატლანტიკურ მისწრაფებასთან დაკავშირებული პოლიტიკური, ეკონომიკური და თავდაცვის რეფორმები, მიმართული დემოკრატიული და ინსტიტუციონალური მიზნების მისაღწევად.

XS
SM
MD
LG