Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

20-21 ივნისის საქმე: სამივე სამართალდამცველი გათავისუფლებულია


გენერალური პროკურატურის მიერ რადიო თავისუფლებისთვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ამჟამად არცერთ სამართალდამცველს არა აქვს შეფარდებული.

იმ სამი სამართალდამცველიდან, რომელიც 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე იყო დაკავებული, ყველაზე ბოლოს გაათავისუფლეს შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ლევან იმერლიშვილი. მისი გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია 27 სექტემბერს გავრცელდა.

„სამივე სპეცრაზმელის მიმართ პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით ითხოვდა პატიმრობას. სასამართლომ მათგან ორს გირაო შეუფარდა, ხოლო ერთს - პატიმრობა. ამ უკანასკნელს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ადვოკატის შუამდგომლობის საფუძველზე, რომელსაც არ დაეთანხმა პროკურატურა, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა შეუცვალა გირაოთი“, - უთხრეს რადიო თავისუფლებას გენერალურ პროკურატურაში.

20-21 ივნისის საქმეზე ბრალდებულ ლევან იმერლიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 10 000-ლარიანი გირაოთი შეუცვალა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ნაჭყებიამ.

როგორც ბრალდებულის ადვოკატმა, ანა კოტეტიშვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას, დაცვის მხარემ სასამართლოს წარუდგინა ექსპერტიზის დასკვნა და პატიმრობის შეცვლა ახალი გარემოების საფუძველზე მოითხოვა.

„ახალი გარემოება იყო ის, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე მძიმეა. შესაბამისად, საჭიროებს პენიტენციური დაწესებულების გარეთ მკურნალობას, სათანადო გარემოში“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ანა კოტეტიშვილმა.

ლევან იმერლიშვილი 15 ივლისს დააკავეს. მას ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ძალადობით ან იარაღის გამოყენებით. პროკურატურაში მიმდინარე ამავე გამოძიების ფარგლებში იყო დაკავებული დანარჩენი ორი სამართალდამცველიც.

ეს ფაქტი 28 სექტემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში აქცია-პერფორმანსით გააპროტესტეს აქცია „სირცხვილიას“ ორგანიზატორებმა და აქტივისტებმა. ისინი ლაპარაკობენ შერჩევით სამართალზე, რადგან სამართალდამცველების გათავისუფლების პარალელურად, კვლავ პატიმრობაში რჩებიან მომიტინგეები, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა ასევე დამძიმებულია.

აქციის მონაწილეები ასახელებენ, მაგალითად, ლევან ჯიქურსა და ბესიკ თამლიანს, რომლებიც, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების მიუხედავად, კვლავ პატიმრობაში რჩებიან. შს სამინისტროში დაწყებული გამოძიების ფარგლებში, ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებულია 20-21 ივნისის აქციაში მონაწილე 20-მდე პირი.

XS
SM
MD
LG