აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ "არანაირი ზეწოლა" არ განუხორციელებია უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკიზე საიმისოდ, რომ მას გამოეძია ტრამპის დემოკრატი მეტოქე, ჯო ბაიდენი.
ტრამპი ამ განცხადებით გამოვიდა ოთხშაბათს, ზელენსკისთან შეხვედრისას, ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის პარალელურად.
გახმაურებული სატელეფონო საუბრის შესახებ შეკითხვას ზელენსკიმ უპასუხა: "არ მსურს ჩარევა აშშ-ის სახელმწიფოს დემოკრატიულ, ღია არჩევნებში. ... ვფიქრობ, ეს კარგი სატელეფონო საუბარი იყო, ნორმალური, ჩვენ ბევრ რამეზე ვისაუბრეთ. ... ვფიქრობ და თქვენ ეს წაიკითხეთ კიდეც, რომ ჩემზე ზეწოლა არავის მოუხდენია".
ტრამპის თქმით, მან ზელენსკის მხოლოდ კორუფციასთან ბრძოლისკენ მოუწოდა, რადგან უკრაინაში კორუფცია მასშტაბური პრობლემაა. "როცა ბაიდენის ვაჟი უკრაინიდან მილიონობით დოლარით მიდის - მან არაფერი იცის, და მას მილიონობით დოლარს უხდიან - ეს კორუფციაა" - განაცხადა ტრამპმა და დასძინა: "როცა ბაიდენის ვაჟი ჩინეთიდან მიდის 1,5 მილიონი დოლარის ოდენობის ფონდით - მაშინ, როცა მსოფლიოს უდიდეს ფონდებს არ შეუძლიათ ჩინეთიდან ფულის გატანა, ის კი იქ ერთ მოკლე შეხვედრას მართავს, იქ [ვიცე-პრეზიდენტის თვითმფრინავით], Air Force 2-თი ჩადის - ვფიქრობ, ეს საშინელებაა".
ამასთან, ტრამპმა ზელენსკის უთხრა, ვიმედოვნებ, თქვენ და რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი ერთად მუშაობას შესძლებთ "თქვენი პრობლემების გადასაჭრელადო".
ტრამპმა ზელენსკის ასევე მოუწოდა შეაჩეროს კორუფცია უკრაინაში.
დღეს უფრო ადრე ტრამპის ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა ივლისში შემდგარი ამ სატელეფონო საუბრის შეჯამება. ტექსტიდან ირკვევა, რომ ტრამპმა ზელენსკის სთხოვა, გამოიკვლიოს, შეაწყვეტინა თუ არა ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გამოძიება უკრაინული კომპანიის წინააღმდეგ, რომელშიც მისი ვაჟი, ჰანტერ ბაიდენი მუშაობდა.
სატელეფონო საუბრის შესახებ სადაზვერვო სტრუქტურების ანონიმი პირის მიერ შეტანილი საჩივრით გახდა ცნობილი.
ამ ცნობების საფუძველზე წარმომადგენელთა პალატაში დემოკრატთა ლიდერმა, ნენსი პელოსიმ განაცხადა, რომ განკარგულება გასცა დაიწყოს იმპიჩმენტის შესახებ ოფიციალური მოკვლევა პრეზიდენტ ტრამპის წინააღმდეგ.