Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მერაბ გაბინაშვილი შეწყალებაზე: მიუღებელია კანონიერი სასჯელის ზემოქმედების გარეშე


ჩემთვის მიუღებელია ისეთი ადამიანის უპირობოდ საზოგადოებაში დაბრუნება, რომელსაც ჯერ კანონით გათვალისწინებული სასჯელის ზემოქმედება თავის თავზე არ განუცდია, - განაცხადა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა, მერაბ გაბინაშვილმა, 24 სექტემბერს, იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტში გამართულ მოსმენაზე, მსჯავრდებულთა შეწყალების საკითხზე მსჯელობისას.

გაბინაშვილის თქმით, მართლმსაჯულების აღსრულება სასჯელის მოხდასაც ნიშნავს და სასჯელის დაწესებით სახელმწიფო გამოხატავს შესაბამის დამოკიდებულებას ამა თუ იმ პირის მიერ ჩადენილ ქმედებებზე. მან საგანგებო აქცენტი გააკეთა პირებზე, რომლებსაც განსაკუთრებით მძიმე დანაშაული აქვთ ჩადენილი.

„პედოფილები, განზრახ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩამდენი პირები, ადამიანები, რომლებსაც ცხოვრების წესად აქვთ დანაშაულის ჩადენა და პირობითი მსჯავრის ვადაში რომ კიდევ ახალ დანაშაულს ჩადიან და ა.შ. და ა.შ.

ჩემი მოქალაქეობრივი პოზიციაა, რომ მართლმსაჯულების აღსრულება ნიშნავს სასჯელსაც და სასჯელის მოხდასაც და მის რესოციალიზაციასაც... სასჯელი იმიტომ არსებობს, რომ სახელმწიფოს ჰქონდეს შესაბამისი დამოკიდებულება ჩადენილ ქმედებებზე, იმიტომ რომ იქით დაზარალებული გვყავს.

პირადად ჩემთვის ძალიან მიუღებელია ისეთი ადამიანის უპირობოდ ისევ საზოგადოებაში დაბრუნება, რომელსაც ჯერ კანონით გათვალისწინებული სასჯელის ზემოქმედება თავის თავზე არ განუცდია. ეს მიმაჩნია​ ნაკლოვან მართლმსაჯულებად და ახალი საფრთხის შექმნად საზოგადოებაში“, - განაცხადა გაბინაშვილმა.

24 სექტემბერს, იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტში დეპუტატები შეკითხვებს უსვამდნენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, მერაბ გაბინაშვილს. ის უკვე მეორე კანდიდატია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ პარლამენტში გადაგზავნილი სიიდან.

მერაბ გაბინაშვილი იყო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა როგორც პირველ, ასევე მეორე სიაში, სხვა ოთხი კანდიდატის მსგავსად. ასევე ორივე სიაში გვხვდება თამარ ალანია, რომელიც იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის წინაშე 23 სექტემბერს წარდგა.

მოსამართლეობის კანდიდატთა პირველი 10-კაციანი სიის განხილვას პარლამენტში პრობლემები შეექმნა 2018 წლის დეკემბერში. 2019 წლის 4 სექტემბერს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, კენჭისყრის შედეგად შედგა ახალი 20-კაციანი სია.

მერაბ გაბინაშვილი 2017 წელს დაინიშნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლედ. 2013-2017 ის იყო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი.

XS
SM
MD
LG