Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარე: იმპიჩმენტი, შესაძლოა, ერთადერთი გზა იყოს


აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ივლისში სატელეფონო საუბრისას აღნიშნა, რომ არ სურს, "ვიცე-პრეზიდენტი ბაიდენი და მისი ვაჟი, უკრაინაში ისედაც არსებულ კორუფციას უწყობდნენ ხელს“.

ტრამპმა ასე უპასუხა 22 სექტემბერს ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრის შესახებ შეკითხვებს. გავრცელდა ცნობა, თითქოს ის უკრაინის პრეზიდენტზე ზეწოლას ახორციელებდა, რომ გამოძიება დაეწყოთ ჯოზეფ ბაიდენის, ტრამპის ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური მეტოქის წინააღმდეგ.

"არ მინდა ზიანი მივაყენო ბაიდენს, მაგრამ მან ძალიან უპატიოსნო რამ გააკეთა“, - განაცხადა ტრამპმა ვაშინგტონიდან ჰიუსტონში გამგზავრებამდე.

22 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარემ ადამ შიფმა განაცხადა, რომ თუ გამოძიება დაადგენს ზეწოლის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის სიზუსტეს, ტრამპის იმპიჩმენტი ერთადერთი გზა იქნება.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა იძიებს მედიაში გავრცელებულ ცნობებს, თითქოს ზელენსკისთან სატელეფონო საუბარში ტრამპი დაიმუქრა, რომ გააჩერებს უკრაინისთვის აშშ-ის სამხედრო დახმარებას, თუკი ზელენსკის ადმინისტრაცია არ გამოიკვლევს ჯო ბაიდენის და მისი ვაჟის, ჰანტერ ბაიდენის მოქმედებებს.

დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლების შეფასებით, თუკი სიმართლეა დახმარების შეჩერების მუქარა და უცხო ქვეყნის ლიდერისგან პოლიტიკური მეტოქის გარშემო გამოძიების მოთხოვნა, ეს იქნება ძალაუფლებით ბოროტად სარგებლობის მაგალითი.

XS
SM
MD
LG