Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ომბუდსმენი პრეზიდენტის შეწყალების აქტებზე: თუ არ გვექნება პასუხი გამოძიება უნდა დაინტერესდეს რა მოხდა რეალურად


„თუ ჩვენ ვერ მივიღებთ პასუხებს, რატომ მიიღო პრეზიდენტმა ეს გადაწყვეტილება და კონკრეტულ შეწყალებებთან დაკავშირებით განმარტება არ იქნება დეტალურად წარმოდგენილი, ვფიქრობ, გამოძიება უნდა დაიტერესდეს, რა მოხდა რეალურად,” - განაცხადა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ მედიასთან საუბარში. ის გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტის მიერ მკვლელობაში მსჯავრდებული პირების შეწყალების საკითხს.

ნინო ლომჯარიას შეფასებით, გამოძიება უნდა დაინტერესდეს უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების თუ სავარაუდო კორუფციის თემითაც.

„როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ სამ შემთხვევაში შეწყალებულია მსჯავრდებული, ისეთ მძიმე დანაშაულში, როგორიცაა სიცოცხლის მოსპობა და ამასთან დაკავშირებით ჩვენ არ გვაქვს არგუმენტები, თუ რატომ მოხდა შეწყალება, არ გვაქვს ინფორმაცია, რა პროცესი გაიარა ამ ყველაფერმა, სანამ პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება, ეს აჩენს ძალიან ბევრ კითხვას. ვფიქრობ, პრეზიდენტმა ამ საკითხებზე უფრო მეტი განმარტება აუცილებლად უნდა გააკეთოს. ჩვენ ამ დრომდე ვერ მივიღეთ განმარტება, რის საფუძველზე, ვისი რჩევით თუ რეკომენდაცით მიიღო პრეზიდენტმა გადაწყვეტილება. წინააღმდეგ შემთხვევაში, მე ვფიქრობ, რომ არსებული გარემოებები არის შესასწავლი“,- ამბობს სახლახო დამცველი.

ნინო ლომჯარია ამ თემასთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას ლოგიკურად მიიჩნევს.

„ასევე, ვთვლი, რომ ლოგიკური იქნება თუ დაიწყება გამოძიება ამ საკითხთან დაკავშირებით. ეს შეიძლება იყოს როგორც უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების, თუ სავარაუდო კორუფციის თაობაზე. თუმცა თვითონ ფაქტის თაობაზე თუ ჩვენ ვერ მივიღებთ პასუხებს, რატომ მიიღო პრეზიდენტმა ეს გადაწყვეტილება და განმარტება არ იქნება დეტალურად წარმოდგენილი, ვფიქრობ, გამოძიება უნდა დაიტერესდეს, რა მოხდა რეალურად,“ - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

28 აგვისტოს აგვისტოს მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტმა პირადი გადაწყვეტილებით, შეწყალების კომისიის არარსებობის პირობებში, 34 პატიმარი შეიწყალა. მათ შორის აღმოჩნდნენ პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებული რამაზ დევაძე და გიორგი ოთხმეზურის მკვლელობაში მსჯავრდებული ასლან ბეჟანიძე. „მთავარმა არხმა“ 17 სექტემბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა მკვლელობაში მსჯავრდებული ზურაბ ნადირაძე. ნადირაძე 2013 წლის 26 აპრილს თბილისის ინტერპოლის ბიუროდან მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ჩეხეთში დააკავეს, რის შემდეგაც ის საქართველოს გადასცეს. ზურაბ ნადირაძე 1994 წლიდან ძებნილი იყო, 2000 წლიდან კი - ინტერპოლის წითელი ცირკულარით. საქართველოს შსს-ს ცნობით, ჩეხეთის პოლიციამ ნადირაძე არაერთხელ დააკავა, თუმცა სასამართლო ექსტრადიციის მოთხოვნას არ აკმაყოფილებდა.

საზოგადოების ნაწილის, მმართველი გუნდისა და ოპოზიციის მწვავე კრიტიკის ფონზე, 18 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტმა გადაწყვეტილება მიიღო და მსჯავრდებულთა შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხადა.

XS
SM
MD
LG