მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილთან სამართლებრივი დავა და 30 მილიონი დოლარის ბედი ბიძინა ივანიშვილისა და გენერალური პროკურორის ჩარევით გადაწყდა. ივანიშვილთან შეხვედრასა და წინმსწრები პროცესების თავის ვერსიაზე ხაზარაძემ ტვ პირველის გადაცემა "რეაქციაში" ისაუბრა.
"მე არ გამომიტანია ჩვენი შიდა საუბარი. მე პატივს ვცემ ჯენტლმენურ მოლაპარაკებასაც და ოთახში მოლაპარაკებასაც. ეს გამოიტანა ბიძინა ივანიშვილმა და მე არანაირ პასუხისმგებლობას არ ვგრძნობ", - ამბობს ხაზარაძე.
მამუკა ხაზარაძე ჰყვება, რომ ვანო ჩხარტიშვილმა ბანკის წინააღმდეგ დაიწყო სამართლებრივი დავა და ითხოვდა 30 მილიონ დოლარს. მისი თქმით, ჩხარტიშვილი ანალოგიურად უჩიოდა სხვადასხვა მსხვილ კომპანიებს, ყველა ეს საქმე ხვდებოდა ერთ მოსამართლესთან და მთავრდებოდა მისი მოგებით.
"ჩვენ შევიტანეთ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი - ის მოთხოვნა იყო სარჩელში იყო, რომ პირველივე ინსტანციაში ხდებოდა დაყადაღება და თანხის ამოღება. ანუ, პრაქტიკულად ჩვენ არ გვქონდა საშუალება რომ გაგვეგრძელებინა".
ხაზარაძე ამბავს აგრძელებს ივანიშვილთან სატელეფონო საუბრით, რომელიც, მისი თქმით, ერთი საათი გაგრძელდა და ივანიშვილი სარჩელის გამოტანასა და მოლაპარაკებას ურჩევდა.
"მე ვუთხარი, ამას ვერ გავაკეთებ თქო. მე არ ვარ ბანკის 100%-ის მფლობელი, მე ვარ ერთ-ერთ აქციონერი და თავმჯდომარე. ძალიან მეგობრული საუბარი იყო. ისიც მითხრა, ჩემ შვილსაც არ დავაძალებ რამესო. ძალიან რთული იყო უცხოელ პარტნიორებთან იმის თქმა, რომ ერთადერთი სამართლებრივი ბერკეტი უნდა გავუშვათ ხელიდან, მაგრამ მე დავარწმუნე ჩვენი სამეთვალყურეო საბჭოს წევრები. მისი სურვილი იყო, რომ სარჩელი გამოგვეტანა და ჩვენ ეს გავაკეთეთ."
ამის შემდეგ, ხაზარაძის ვერსიით, ივანიშვილის სახლში შეხვედრას ესწრებიან თავად ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, ბიძინა ივანიშვილი, ვანო ჩხარტიშვილი, ბიზნესმენი ფიფია და მაშინდელი გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე.
"მე თბილისში გავიზარდე, უბანში გავიზარდე და ბავშვობაში გვიჩხუბია და უფროსს დაუძახია და შეურიგებია, მაგრამ მილიციელი არ მოუყვანია შეხვედრაზე. პატარა სასამართლო ამბავში მოვხვდი, სადაც ივანიშვილი იყო მოსამართლეც, უზენაესის თავმჯდომარეც, საკონსტიტუციოს თავმჯდომარეც.
ხაზარაძე ამბობს, რომ შეხვედრიდან შოკირებული გამოვიდა და ივანიშვილს პატარა სახელმწიფოდ მოიხსენიებს, რომელიც "საქმეს არჩევდა".
"მადლობაც არ გადამიხადა" - მადლობაზე კი არ არის ლაპარაკი, აქ ლაპარაკია იმაზე, რაღაცა მაინც რატომ არ გადავიხადეთ - ალბათ ეს იგულისხმებოდა. ალბათ ჩხარტიშვილისთვის [უნდა გადაგვეხადა]. ჩხარტიშვილს რომ დავუსვი კითხვა, რაზე დავობ და 30 რა რიცხვია თქო, რამე ხომ უნდა იყოსო, მიპასუხა. ეს თემა მოკვდა მაშინვე, როგორც კი შოთაძემ - იურისტია და - თქვა, საერთოდ რასთან გვაქვს საქმეო."
ხაზარაძის თქმით, ეს ამბავი დაივიწყა, რადგან მის სასარგებლოდ გადაწყდა.
"ვიფიქრე, რომ რაღაც გაუგებრობა მოხდა", - ამბობს მამუკა ხაზარაძე.