Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ გაათავისუფლა კიევმა ჩამოგდებული „ბოინგის“ საქმის "მნიშვნელოვანი მოწმე"?


ვლადიმირ ცემახი
ვლადიმირ ცემახი

კიევის სააპელაციო სასამართლომ პატიმრობიდან გაათავისუფლა ვლადიმირ ცემახი, საინტერესო ფორმულირებით - „დაბარებისთანავე გამოცხადების პირობის“ საფუძველზე.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ ჰოლანდიელი გამომძიებლები, რომლებიც „ბოინგის“ კატასტროფას იძიებენ, დაინტერესებული არიან პატიმრობაში მყოფ ვლადიმირ ცემახთან შეხვედრით და არ სურთ, რომ განსასჯელმა დატოვოს უკრაინის ტერიტორია. ნიდერლანდის პროკურატურის წარმომადგენლები შიშობენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ ცემახი ტყვეებისა და პატიმრების გაცვლის პროცესში რუსეთს გადაეცემა, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება მნიშვნელოვანი მოწმის დაკითხვის უფლების მოპოვება.

ვლადიმირ პუტინის რეაქცია

საკმაოდ რთული იყო გადაწყვეტილების მიღება ცალკეული პირების შემთხვევაში, მაგრამ ფინალს ვუახლოვდებით.
ვლადიმირ პუტინი


სულ რაღაც 20 წუთში მას შემდეგ, რაც კიევის სასამართლომ „პირადი ვალდებულებების“ საფუძველზე საპატიმროდან გაათავისუფლა ვლადიმირ ცემახი, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, პირველად გააკეთა პირადად კომენტარი რუსეთსა და უკრაინას შორის ტყვეების გაცვლის თაობაზე.

„საკმაოდ რთული იყო გადაწყვეტილების მიღება ცალკეული პირების შემთხვევაში, მაგრამ ფინალს ვუახლოვდებით. რაც შეეხება გაცვლას, ვფიქრობ, რომ ის დიდი, მასშტაბური და საკმაოდ ისეთი, კარგი ნაბიჯი იქნება, წინგადადგმული, (უკრაინასთან ურთიერთობის) ნორმალიზაციის მიმართულებით“,- განაცხადა ვლადიმირ პუტინმა შორეული აღმოსავლეთის ეკონომიკური ფორუმის პლენარულ სესიაზე.

რუსეთსა და უკრაინას შორის პატიმრების ფართო გაცვლის შესახებ მიმდინარე მზადების დროს უკრაინულ და რუსულ მედიაში ცოტა ხნის წინ გაჩნდა ცნობა, რომ გასულ კვირაში დაანონსებული გაცვლის შემაფერხებელი მიზეზი შეიძლებოდა ყოფილიყო რუსეთის სურვილი ცემახიც შეეყვანათ გასაცვლელთა სიაში და ამით აეცილებინათ თავიდან სასამართლო პროცესზე ეჭვმიტანილი სეპარატისტის მოწმის სახით დაკითხვა „ბოინგის“ საქმეზე.

ეს ცნობა ოფიციალურად არ დაუდასტურებია არც კიევსა და არც მოსკოვს, მაგრამ ფაქტია, რომ ტყვეების გაცვლა ჯერჯერობით არ მომხდარა, „მნიშვნელოვანი მოწმე“ ცემახი კი პატიმრობიდან გათავისუფლდა.

კიევის სააპელაციო სასამართლომ ვლადიმირ ცემახს პატიმრობა შეუცვალა „დაბარებისთანავე გამოცხადების პირობით“ და გაათავისუფლა დარბაზიდან.

უფრო ზუსტად, სასამართლო გამოძიების მიმდინარეობისას,60 დღის განმავლობაში, ცემახი ვალდებულია გამოცხადდეს გამომძიებელთან, სასამართლოსა და პროკურატურაში; გამომძიებლის, პროკურორის ან სასამართლოს ნებართვის გარეშე არ დატოვოს ის დასახლებული პუნქტი, სადაც ცხოვრობს; დაუყოვნებლად აცნობოს მათ საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის შეცვლის შესახებ.

რატომ ითვლება ცემახი „მნიშვნელოვან მოწმედ“?

ტყვეების გაცვლა ჭიანურდება სწორედ მოსკოვის გამო, რომელიც ვლადიმირ ცემახის გადაცემას მოითხოვს.
მუსტაფა ნაიემი


უკრაინის სპეცსამსახურებმა ვიცე-პოლკოვნიკი ვლადიმირ ცემახი არაკონტროლირებადი ტერიტორიიდან 2019 წლის 27 ივნისს მოიტაცეს და კიევში გადმოიყვანეს. ორ დღეში კიევის შევჩენკოვსკის რაიონულმა სასამართლომ სეპარატისტ ოფიცერს მიუსაჯა პატიმრობა „ტერორისტული ჯგუფის ან ტერორისტული ორგანიზაციის შექმნის“ ბრალდებით.

სეპარატისტული „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ უკანონო შეიარაღებული ძალების წევრი ცნობილია იმითაც, რომ იგი მეამბოხეების კონტროლქვეშ არსებული ქალაქ სნეჟნოეს საჰაერო თავდაცვის დივიზიონის მეთაური იყო იმ დროს, როდესაც ამ ქალაქის მახლობლად 2014 წლის 17 ივლისს ჩამოგებული იქნა მალაიზიური ავიახაზების კუთვნილი „ბოინგი“ MH17.

ყოფილი სეპარატისტი სამხედრო უკრაინაში ბრალდებულია ტერორისტული ჯგუფის შექმნაში, რისთვისაც მას 15 წლით პატიმრობა ემუქრება.

მაგრამ, როგორც ზემოთ ითქვა, ცემახის დაკითხვით დაინტერესებულია მალაიზიური „ბოინგის“ კატასტროფის მიზეზების შემსწავლელი საგამოძიებო ჯგუფიც.

3 სექტემბერს ერთობლივი საერთაშორისო-საგამოძიებო ჯგუფის პრესმდივანმა ბრეხტიე ვან დე მოსდეიკმა სააგენტო „ასოშიეიტიდ პრესს“ განუცხადა, რომ ჰოლანდიელი გამომძიებლები დაინტერესებულნი არიან ცემახთან გასაუბრებით, მაგრამ არ არსებობს ცნობა, ნიშნავს თუ არა ეს, რომ ცემახი ხდება ამ გახმაურებული საქმის კიდევ ერთი მოწმე.

უფრო ადრე ნიდერლანდის გენერალურმა პროკურორმა ფრედ ვესტერბეკემ დაასახელა ოთხი ეჭვმიტანილი, რომლებსაც ბრალი წაეყენებათ 2014 წლის 17 ივლისს დონეცკის ოლქში მალაიზიის „ბოინგის“, რეის MH17-ის, ჩამოგდებასთან კავშირში. ესენი არიან რუსეთის მოქალაქეები სერგეი დუბინსკი, იგორ გირკინი და ოლეგ პულატოვი, ასევე უკრაინელი ლეონიდ ხარჩენკო, რომელთა დაპატიმრებაზეც, ვესტერბეკეს თქმით, 19 ივნისს დაიგზავნა საერთაშორისო ორდერები.

4 სექტემბერს ევროპარლამენტის 40-მა დეპუტატმა თხოვნით მიმართა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის, არ შეეყვანათ ცემახი რუსეთისათვის გადასაცემი ტყვეების სიაში.

აგვისტოს ბოლოს ცნობილი გახდა, რომ რუსეთი და უკრაინა ემზადებიან ტყვეების გასაცვლელად ფორმულით „33-33“-ზე, მაგრამ მოლოდინი არ გამართლდა, რადგან მხარეებმა ვერ მიაღწიეს საბოლოო შეთანხმებას სახელობით სიებზე.ამ ფონზე უკრაინაში საპატიმროდან გამოვიდა „რია ნოვოსტი-უკრაინის“ მთავარი რედაქტორი კირილ ვიშინსკი, ასევე „დაბარებისთანავე გამოცხადების პირობით“ , რაც, როგორც ცემახის შემთხვევაში, მრავალ აკრძალვას ითვალისწინებს.

„ვერხოვნა რადის“ ყოფილმა დეპუტატმა, ცნობილმა ჟურნალისტმა მუსტაფა ნაიემმა, საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით, განაცხადა, რომ ტყვეების გაცვლა ჭიანურდება სწორედ მოსკოვის გამო, რომელიც ვლადიმირ ცემახის გადაცემას მოითხოვს.

  • 2014 წლის 17 ივლისს აღმოსავლეთ უკრაინაში, დონეცკის ოლქში, ავარია განიცადა მალაიზიის ავიახაზების „ბოინგმა“. დაიღუპა მასში მყოფი 298-ვე ადამიანი.

  • 19 ივნისს ნიდერლანდის პროკურატურამ მკვლელობის ოფიციალური ბრალდება წაუყენა რუსეთის სამ და უკრაინის ორ მოქალაქეს, რომლებიც აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების მხარეს იბრძოდნენ. გამოძიებას მიაჩნია, რომ ისინი არიან პასუხისმგებელი უკრაინაში „ბუკის“ ჩატანისთვის.

  • რუსეთმა არაერთხელ გააკრიტიკა, სულ ბოლოს კი 19 ივნისს, ერთობლივი საგამოძიებო კომისიის დასკვნა 2014 წლის 17 ივლისს დონბასში „მალაიზიის ავიახაზების“ თვითმფრინავის კატასტროფის თაობაზე. „რუსეთის მისამართით გამოითქმის მორიგი დაუსაბუთებელი ბრალდებები, რაც მიზნად ისახავს საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში რუსეთის ფედერაციის დისკრედიტაციას“, - ნათქვამია რუსეთის საგარეო-პოლიტიკური უწყების განცხადებაში.
  • რუსეთის თავდაცვითმა კონცერნმა „ალმაზ-ანტეიმ“ განაცხადა, რომ, მისი სპეციალისტების მიერ ჩატარებული ექსპერიმენტების თანახმად, თვითმფრინავი ჩამოგდებულ იქნა უკრაინის შეიარაღებული ძალების კუთვნილი რაკეტით უკრაინის სამთავრობო ჯარების მიერ კონტროლირებული ტერიტორიიდან.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG