2 სექტემბერს, ქუთაისის ინტერვენციურლ კლინიკაში გარდაიცვალა 16 წლის ლუკა ფოფხაძე, რომელიც კლინიკაში 41 დღის განმავლობაში უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა.
16 წლის მოზარდი, რომელიც ამბროლაურში ისვენებდა, ვირუსული ნეიროტოქსიკოზის ნიშნებითა და სუნთქვის მწვავე უკმარისობით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ამბროლაურის საავადმყოფოში 20 ივლისს, გამთენიისას მიიყვანა. ლენტეხიდან გაგზავნილი რეანომობილი, რომლითაც ლუკა ამბროლაურის საავადმყოფოდან წაიყვანეს, მოზარდის ოჯახის წევრების თქმით, არ იყო სათანადოდ აღჭურვილი.
ლუკას მამიდა, ფატი ფოფხაძე, რომელიც მოზარდს რეანომობილში ახლდა, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ რეანომობილში დამონტაჟებული აპარატურა ნაქერალას უღელტეხილზე მწყობრიდან გამოვიდა, გამოილია ჟანგბადი და ბავშვს გული გაუჩერდა.
მომხდარ ფაქტს სწავლობს სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტო. სააგენტოს ინფორმაციით, რამდენიმე დაწესებულებისა და რამდენიმე ექიმის პასუხისმგებლობის საკითხი გამოიკვეთა.
ლუკა ფოფხაძის შემთხვევის შემდეგ, 5 აგვისტოს, ამბროლაურს, დაუყოვნებელი რეაგირებისთვის, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის რეანომობილი გადაეცა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციითვე, რეგიონებიდან პაციენტების ტრანსპორტირების გართულების შემთხვევების პრევენციის მიზნით გეგმა შედგება, სამოქმედო გეგმის დასახვა კი უკავშირდება უკანასკნელი კვირების განმავლობაში რეგიონებიდან პაციენტების ტრანსპორტირების გართულებულ შემთხვევებს.