Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩორჩანის მახლობლად ოსური ფორმირებები ისევ გამოჩნდნენ


რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტი ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმად:„ქართველი ძალოვანების პროვოკაციული მცდელობების გამო ზნაურის რაიონის სოფელ უისტასთან(წნელისი) განათავსონ პოლიციის საგუშაგო, სასაზღვრო დასახლებულ პუნქტებში მცხოვრები სამხრეთ ოსეთის მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ინციდენტის ადგილზე იმყოფებიან უშიშროების კომიტეტის ნაკრები რაზმი, საგანგებო დანიშნულების ქვედანაყოფები და ძალოვანი უწყებების სხვა სტრუქტურები.“

დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის განცხადებით, ქართულმა მხარემ პოლიციის საგუშაგოს მშენებლობის ადგილიდან გაიყვანა მძიმე სამშენებლო ტექნიკა, თუმცა, ობიექტის მოწყობის სამუშაოები არ შეწყვეტილა და ინციდენტის რაიონში მუდმივად იმყოფებიან ქართველი პოლიციელები და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები.

ქართული პოლიციის საგუშაგო ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანაში, საქართველოს მთავრობის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე შენდება. ჩორჩანა ესაზღვრება ოკუპირებულ სოფელ წნელისს, რომელსაც ოსური მხარე უისტად მოიხსენიებს. 28 აგვისტოს, ჩორჩანის მახლობლად, საოკუპაციო ძალების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე მათი ცოცხალი ძალა და ტექნიკა გადაადგილდებოდა.

29 აგვისტოს დილით, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები არ გამოჩენილან, თუმცა, დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის მიერ 14 საათისთვის გავრცელებული ინფორმაციით, ე.წ. ძალოვანი უწყებების ქვედანაყოფები ისევ ადგილზე არიან.

XS
SM
MD
LG