Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის მეტეოროლოგიური სააგენტო: ავარიის შემდეგ აღმოჩენილია რადიოაქტიური იზოტოპები


რუსეთის სახელმწიფო მეტეოროლოგიური სააგენტო აცხადებს, რომ რამდენიმე რადიოაქტიური იზოტოპი აღმოაჩინა ნიმუშებში, რომლებიც აიღო ჩრდილოეთში მდებარე ერთ-ერთ სამხედრო ბაზაზე, იარაღის გამოცდის დროს მომხდარი ავარიის შემდეგ.

26 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში როსჰიდრომეტი ამბობს, რომ სტრონციუმი, ბარიუმი და ლანთანი აღმოაჩინა სევეროდნივსკთან აღებულ ნიმუშებში, თუმცა იქვე დასძენს, რომ მოსახლეობას ამით საფრთხე არ ექმნება.

ჩრდილოეთ რუსეთის რეგიონ არხანგელსკში 8 აგვისტოს მომხდარ ავარიას ემსხვერპლა სულ მცირე ხუთი ადამიანი, დაშავდა კიდევ რამდენიმე პირი. ავარიის შემდეგ გაიზარდა შეშფოთება ატმოსფეროს დაბინძურებაზე, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც სასწრაფო დახმარების მუშაკებმა რადიაციული ფონის დონის ზრდაზე განაცხადეს.

"სრულიად დარწმუნებული ვარ და ყველა საფუძველი იმის სათქმელად, რომ არხანგელსკის რეგიონის მცხოვრებთა ჯანმრთელობას და სიცოცხლეს არანაირი ფაქტორი არ უქმნის საფრთხეს, არც 8 აგვისტოს და არც მას შემდეგ" - რეგიონის გუბერნატორის, იგორ ორლოვის ამ სიტყვებს ავრცელებს სააგენტო "ინტერფაქსი".

აშშ-ის რამდენიმე ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ, მათი ინფორმაციით, ავარია მოიცავდა რადიოაქტიურ ელემენტებს. ბევრმა ანალიტიკოსმა გაამახვილა ყურადღება ატომურ რაკეტაზე, რომლის შექმნის შესახებ პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი შარშან ლაპარაკობდა.

XS
SM
MD
LG