Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროკურატურამ ბიზნესმენ ავთო წერეთლის მიმართ ბრალდების დადგენილება გამოიტანა


საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ბრალდების დადგენილება გამოიტანა ბიზნესმენ ავთო წერეთლის მიმართ.

წერეთელი ბრალდებულად ცნეს "თიბისი ბანკის" დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მუხლით აღძრული საქმის ფარგლებში.

გენერალური პროკურატურის ოფიციალური განცხადების თანახმად:

"როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2018 წლის 2 აგვისტოს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო სს თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის და მოადგილის მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე.

გამოძიების მსვლელობისას, აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, 2019 წლის 24 ივლისს ბრალი წარედგინათ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს, ჯგუფურად, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.

მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებების ანალიზის შედეგად მიღებულია შემაჯამებელი გადაწყვეტილება ჯგუფის სხვა წევრის მიმართ. კერძოდ, გამოტანილია დადგენილება ავთანდილ წერეთლის ბრალდების შესახებ, მის მიერ, 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარების ფაქტზე, ჩადენილი ჯგუფურად, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება"

ავთო წერეთელი დღეს დაბარებულია საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ბრალდების დადგენილების წარსადგენად, რის შემდეგაც პროკურატურა სასამართლოს მიმართავს აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგლომლობით. რა ზომას მოითხოვს ბრალდების მხარე ჯერ უცნობია.

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში დაბარებულები არიან ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძეც მათთვის წარდგენილი ბრალდების დაზუსტების მიზნით.

ბიზნესმენი ავთო წერეთელი კომპანიების „სამგორი თრეიდის“ და „სამგორი M“-ის თანამფლობელია. პროკურატურის ოფიციალური ინფორმაციით, 2008 წელს, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ „თიბისი ბანკის“ მიერ სწორედ ამ კომპანიებისთვის გაცემული სესხის გამოყენებით განახორციელეს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია.

მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიების შესახებ ოფიციალურად ცნობილი გახდა 2019 წლის იანვარში. ავთო წერეთელმა მალევე განაცხადა, რომ საბანკო სესხი უკვე მის განკარგულებაში იყო და შესაბამისად, ხაზარაძეს და ჯაფარიძეს თავისი ფული ასესხა. „ახლა რაც არ უნდა იხტუნაონ, მანდ ფულის გათეთრება გამორიცხულია“ - უთხრა 2019 წლის თებერვალში GBC-ს ავთო წერეთელმა.

ავთო წერეთელი ტელეკომპანია „პირველის“ მფლობელის, ვატო წერეთლის მამაა. ვატო წერეთელი „სამგორი თრეიდისა“ და „სამგორი M“-ის მეწილეცაა.

8 აგვისტოს, თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით მოწმის სტატუსით გამოკითხვის შემდეგ, ვატო წერეთელმა პროკურატურაში მიმდინარე გამოძიება ტელეკომპანია „პირველის“ საქმიანობას დაუკავშირა. ვატო წერეთელმა ისიც განაცხადა, რომ პროკურატურას სურს საქმე აღძრას მისი მამის, ავთო წერეთლის წინააღმდეგ.

„ერთი კითხვის დასმა ვცადე, მაინტერესებდა, ვინ იყო დაზარალებული ან მომჩივანი მხარე, რაზეც ვერც პასუხი მივიღე და მოსამართლემაც გამაჩერა, რომ არ მქონდა უფლება კითხვების დასმის. ყოველ შემთხვევაში, ამ საქმეს არც დაზარალებული ყავს, არც მომჩივანი. იმ ქვეყანაში, სადაც ამდენი გამოუძიებელი საქმეა, 11 წლის წინანდელ საქმეზე, სადაც არც დაზარალებული ჰყავთ და არც მომჩივანი მხარე, არის ძალიან დიდი ეჭვი, რომ უკავშირდება ტელევიზიას" - განაცხადა 8 აგვისტოს ვატო წერეთელმა.

2019 წლის მარტში, პარლამენტში საკომიტეტო მოსმენისას მამუკა ხაზარაძემ განმარტა, რომ ავთო წერეთლის კომპანიებს „თიბისი ბანკში“ გახსნილი ჰქონდათ 35 მილიონის საკრედიტო ხაზი, საიდანაც თანხის მიღება მარტივი პროცედურით - საკრედიტო ოფიცერთან ერთი სატელეფონო ზარით შეეძლოთ. მამუკა ხაზარაძის განმარტებით ავთო წერეთლისგან ფულის სესხება დასჭირდათ ბანკის კაპიტალის გასაზრდელად, რისთვისაც მანამდე სხვადასხვა წყაროებიდან უკვე მოზიდული ჰქონდათ 80 მილიონი აშშ დოლარი.

XS
SM
MD
LG