Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხალვაში: "რუსთავი 2" არ გაიყიდა. მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ "რუსთავი 2" არ გაკოტრდეს


„სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2" არ გაიყიდა“ - ამის შესახებ განცხადებას ავრცელებს არხის მფლობელი ქიბარ ხალვაში.

ტელევიზიის აქციების 100% ის მფლობელი ამბობს, რომ მყიდველი არ გამოჩნდა, ხოლო რთული ფინანსური მდგომარეობის დაძლევას საკუთარი ძალებით შეეცდება.

"მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ "რუსთავი 2" არ გაკოტრდეს, რისთვისაც გამოვიყენებ ყველა ჩემს რესურსს და შესაძლებლობას", - წერს ქიბარ ხალვაში.

"დღეს ამოიწურა ერთკვირიანი ვადა, რომელიც განვსაზღვრე იმისათვის, რომ მიმეღო საბოლოო გადაწყვეტილება ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გასხვისებასთან დაკავშირებით.

როგორც ვხედავთ, ამ ვადაში არ გამოჩნდა რეალური მსურველი.

საზოგადოებისთვის ცნობილია, თუ რეალურად რა მდგომარეობაში დაგვიბრუნდა "რუსთავი 2". დღეს უკვე ყველასათვის ნათელია, რომ ტელეკომპანია, რომელსაც ჰქონდა ყველა შესაძლებლობა, ყოფილიყო გამართული და წარმატებული, რეალურად ფინანსური კატასტროფის წინაშე დგას. როგორც იცით, მისი დავალიანება კრედიტორების წინაშე 70 მილიონ ლარს აჭარბებს. ცხადია, ამას აქვს თავისი მიზეზები: მათ შორის, ყოფილი გენერალური დირექტორის მიერ კომპანიის ინტერესების საზიანოდ მოქმედება, შემოსავლების ხელოვნური შემცირება და ხარჯების მაქსიმალური გაზრდა.

ახლა მე ასეთი არჩევანის წინაშე ვდგავარ: ან უნდა დავიწყო კომპანიის გაკოტრების პროცესი ან ვცადო მისი გადარჩენა.

მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ "რუსთავი 2" არ გაკოტრდეს, რისთვისაც გამოვიყენებ ყველა ჩემს რესურსს და შესაძლებლობას“.

ქიბარ ხალვაშის სიტყვებით, რუსთავი 2 უნდა გახდეს კომერციულად გამართული და მომგებიანი ტელევიზია, რომელიც არ იქნება დამძიმებული პოლიტიკური თუ სხვა სახის ვალდებულებებით და ამ ვალდებულებებს არ გადააყოლებს ტელეკომპანიის ინტერესებს:

"მე მაქვს ბიზნესში მრავალწლიანი წარმატებული გამოცდილება და ვფიქრობ, რომ იმ ადამიანებთან ერთად, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ტელეკომპანიის ინტერესები, გავუმკლავდები ამ პრობლემებს.

ამასთან ერთად, ვაცნობიერებ, რომ მომიწევს რთული მოლაპარაკებები კრედიტორებთან, რათა კომპანიამ შეძლოს გამართული ფუნქციონირება და კრიზისიდან გამოსვლა. თუმცა, ვფიქრობ, ეტაპობრივად ყველა სირთულეს დავძლევთ“.

წერილის თანახმად, ქიბარ ხალვაში მის უპირველეს ვალდებულებად თვლის, ტელევიზიის გათავისუფლებას საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისგან, რათა მისი სიტყვებით, ტელევიზია ჩადგეს საზოგადოების სამსახურში და დაიბრუნოს ნდობა - იყოს კრიტიკული და მწვავე, მაგრამ ამავდროულად, მაღალი პროფესიული და ეთიკური სტანდარტების მატარებელი.

ქიბარ ხალვაშის განცხადებით, ის გააგრძელებს სამართლებრივ დავას ყოფილ გენერალურ დირექტორთან, ნიკა გვარამიასთან, რომელიც მისი თქმით, შეგნებულად ანგრევდა არხს, აზარალებდა მის ინტერესებს და მას მხოლოდ სააკაშვილის პოლიტიკური ბრძოლის იარაღად იყენებდა:

„დარწმუნებული ვარ, რომ "რუსთავი 2" უახლოეს მომავალში იქნება როგორც ფინანსურად, ასევე პოლიტიკურად დამოუკიდებელი ტელეკომპანია, ხოლო რეალურად დამოუკიდებელი ჟურნალისტები და პოლიტიკური ინტერესებისგან თავისუფალი, მძლავრი მედია საზოგადოების საუკეთესო ინტერესებს მოემსახურება.

კომპანიის გაჯანსაღებისთვის უახლოეს პერიოდში შევიმუშავებ კონკრეტულ სამოქმედო გეგმას, რომელსაც აუცილებლად განვახორციელებთ და მივაღწევთ დასახულ მიზანს!" -ნათქვამია ქიბარ ხალვაშის განცხადებაში.

ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაში 12 აგვისტოს განაცხადა, რომ ტელევიზიას ყიდის.

შეგახსენებთ, 18 ივლისს, მას შემდეგ, რაც სტრასბურგის სასამართლომ არ დააკმაყოფილა "რუსთავი 2"-ის სარჩელი, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში და მისი კომპანია "პანორამა" დაარეგისტრირა ტელეკომპანიის მფლობელად (60% ქიბარ ხალვაში, 40% "პანორამა"). რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია კი ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა პაატა სალიამ შეცვალა.

XS
SM
MD
LG