Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზალკალიანი: გუგუტიანთკარში ბორდერიზაცია შეჩერებულია


საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის თქმით, ყველაფერი გაკეთდა საერთაშორისო საზოგადოების მობილიზაციისთვის და ამ ეტაპზე შეჩერებულია რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ე.წ. საზღვრის გავლების პროცესი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარში. თუმცა მინისტრი აღნიშნავს იმასაც, რომ გასულ დღეებში ერთხელ უკვე შეჩერებული პროცესი ისევ განახლდა და გარანტია არც ამჯერად არსებობს.

„ამ მომენტისთვის უკანონო ბორდერიზაციის პროცესი შეჩერებულია, თუმცა გაგრძელდება ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების შეფასება და მათზე რეაგირების პროცესი... ვაგრძელებთ აქტიურ მონიტორინგს იმისთვის, რომ მუდმივად გვყავდეს პროცესში ჩართული საერთაშორისო თანამეგობრობა... თუკი პროცესი განახლდა, ჩვენ გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა მექანიზმს... საზოგადოებამ ძალიან კარგად უნდა იცოდეს, რომ ჩვენ 24 საათის განმავლობაში ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა იყოს ინფორმირებული“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა 16 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე.

მისი თქმით, სწორედ საგარეო უწყებისა და დიპლომატიური კორპუსის დამსახურებაა საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან - ორგანიზაციების, სტრუქტურებისა თუ დედაქალაქების დონეზე გამოხატული მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და მათ შორის - გაეროს უშიშროების საბჭოს ფორმატის ფარგლებში.

"თქვენ ასე მარტივი გგონიათ გაეროს უშიშროების საბჭოს ფორმატში დებატების გამართვა საქართველოსთან მიმართებაში, სადაც რუსეთი, როგორც საბჭოს მუდმივი წევრი, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მსგავსი სახის ფორმატები არ გაიმართოს?!", - ასე უპასუხა მინისტრმა ჟურნალისტის მიერ დასმულ კრიტიკულ შეკითხვებს.

ზალკალიანი ამბობს, რომ სწორედ საერთაშორისო პარტნიორების ძალისხმევით არის შესაძლებელი რუსეთის უკანონო ქმედებების შეჩერება და ამას ემსახურებოდა 16 აგვისტოს უცხოელი დიპლომატების ჩასვლაც საოკუპაციო ხაზზე.

„კავშირზე ვრჩებით საერთაშორისო პარტნიორებთან და მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, რომ შეწყვიტოს საქართველოს წინააღმდეგ მიმართული უკანონო პოლიტიკა“, - განაცხადა ზალკალიანმა.

მან ასევე თქვა, რომ შვეიცარიის საელჩოს შუამავლობით რუსეთს გაეგზავნა საპროტესტო ნოტა - „ჩვენ მუდმივად ვაგზავნით ხოლმე მსგავსი სახის ნოტებს, სადაც თავს ვუყრით ხოლმე მთელი პერიოდის განმავლობაში რუსეთის საოკუპაციო ჯარების მხრიდან (გადადგმულ) უკანონო ნაბიჯებს“.

რატომ არ ჩავიდა მინისტრი გუგუტიანთკარში მთელი ამ ხნის განმავლობაში?

ამ შეკითხვის საპასუხოდ მინისტრმა ზალკალიანმა, ერთი მხრივ, თქვა, რომ ის ოთხი დღის განმავლობაში საქართველოში არ იმყოფებოდა და მხოლოდ რამდენიმე საათის წინ დაბრუნდა; ხოლო, მეორე მხრივ, ის ამბობს, რომ მთავარია „იმ ამოცანისა და დავალების“ შესრულება, რაც საგარეო უწყებას აქვს და „ეს არის სწორედ საერთაშორისო თანამეგობრობის მობილიზაცია“.

„ხვალაც ჩავალ, დღესაც ჩავალ, არ არის პრობლემა... იქ იყო ასევე ჩემი მოადგილე და მუდმივად იყვნენ საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, იყო ასევე სახელმწიფო მინისტრი“, - განაცხადა ზალკალიანმა.

თუმცა მას შემდეგ, რაც მედიამ გეგმების დაკონკრეტება ითხოვა, მინისტრმა დაამატა, რომ ბრიფინგის შემდეგ გაემგზავრება სოფელ გუგუტიანთკარისკენ.

„ახლავე წავალ, აი, დღესვე წავალ, აქედანვე... თუ დამასრულებინებთ, დღესვე წავალ აქედან... კი ბატონო, აი, წავალ ახლა... კი ბატონო“.

​რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკართან 7 აგვისტოდან გაჰყავთ ე.წ. საზღვარი. ათზე მეტ ძელზე უკვე აღმართულია ე.წ. სასაზღვრო ღობე.

ოკუპირებულ ტერიტორიაზე ექცევა სოფლის განაპირას მდებარე ორი სახლი და მიწის ნაკვეთები. 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ნახევრად დანგრეული სახლები გუგუტიშვილების და რაზმაძეების საკუთრებაა. 15 აგვისტოს, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ეს ოჯახები გააფრთხილეს, რომ თუ სახლებში რამე დარჩენილი აქვთ, გასატანად სამი დღე აქვთ.

ე.წ. საზღვრის გავლების შედეგად, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ექცევა სარწყავი ნაგებობაც, რომელიც წყლით ამარაგებს გუგუტიანთკარს და ახლომდებარე სოფლებს.

XS
SM
MD
LG