საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დეზინფორმაცია უწოდა განცხადებებს, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ გუგუტიანთკართან ე.წ. საზღვრის გავლების შემდეგ, მთავრობის წარმომადგენლები ადგილზე არ ჩასულან.
მამუკა ბახტაძის თქმით, პრობლემის შექმნისთანავე სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები ადგილზე იყვნენ 24-საათიან რეჟიმში და მისი თხოვნით, გუგუტიანთკარში ჩავიდნენ სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია ადგილობრივი მოსახლეობისთვის დახმარების გაწევა.
„მინდა დავარწმუნო საქართველოს მოქალაქეები, რომ ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რათა გვერდში ამოვუდგეთ ამ ხალხს. ოკუპაცია და ე.წ. ბორდერიზაცია არის ძალიან მტკივნეული პროცესი და ჩვენ გვჭირდება საერთაშორისო თანამეგობრობის სრული კონსოლიდაცია იმისთვის, რომ ამას წინ აღვუდგეთ. სწორედ ამას ემსახურება ის, რომ პირველივე დღიდან ყველა საერთაშორისო ფორმატს ვიყენებთ, რომ მოხდეს საერთაშორისო თანამეგობრობის აზრის კონსოლიდაცია, რათა როგორმე შევაჩეროთ ეს მტკივნეული პროცესი” - უთხრა ჟურნალისტებს მამუკა ბახტაძემ, რომელიც დღეს სამეგრელოს რეგიონში იმყოფებოდა.
ბახტაძემ დეზინფორმაცია უწოდა იმასაც, რომ საქართველოს მთავრობა ოკუპაციის პრობლემას საერთაშორისო დონეზე მწვავედ არ აყენებს. პრემიერ-მინისტრმა ერთ-ერთ მაგალითად მოიყვანა ცოტა ხნის წინ, გაეროში გამართული შეხვედრა, რომელზეც იმსჯელეს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე. მამუკა ბახტაძის თქმით, გაეროა ყველაზე მაღალი ტრიბუნა, სადაც ეს პრობლემა შეიძლება დაისვას.