აჭარის ტელევიზიის დირექტორის შესარჩევ კონკურსში რვა კანდიდატი მონაწილეობს. მათგან მხოლოდ ერთია ახალი სახე - რეჟისორი ირაკლი კიკვაძე. წინა კონკურსებში მონაწილეთაგან განაცხადი შეიტანეს: ირმა ზოიძემ,ფირუზ ბოლქვაძემ, მერაბ წულუკიძემ, შოთა ზოიძემ, გიორგი კოხრეიძემ, თინა ცისკარაძემ და შოთა გურაბანიძემ. კონკურსი 12 ივლისს გამოცხადდა.
ეს უკვე მესამე მცდელობაა აჭარის ტელევიზიის დირექტორის შესარჩევად. კონკურსი მანამდე ორჯერ ჩაიშალა, რადგან ხმების საჭირო რაოდენობა (3 ხმა) ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო.
აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭომ ტელევიზიის ყოფილი დირექტორი თანამდებობიდან მიმდინარე წლის აპრილში გადააყენა. ნათია კაპანაძისთვის უნდობლობის გამოცხადება, მისი უფლებამოსილების ამოწურვამდე 6 თვით ადრე, მოითხოვა მრჩეველთა საბჭოს ორმა წევრმა, გიგა ჩხარტიშვილმა და ირაკლი დარცმელიძემ.
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის მოვალეობას ამჟამად ნათია ზოიძე ასრულებს.