Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინგა გრიგოლია: ხელისუფლება "რუსთავი 2" - ის შემდეგ "TV პირველს" მიადგა


ინგა გრიგოლია
ინგა გრიგოლია

„მას მერე, რაც ხელისუფლებამ ჯიბეში ჩაიდო „რუსთავი 2“ , იფიქრეს, რომ ბარემ აგვისტოა და ბარემ „TV პირველიც“ მივაყოლოთო“, -ასე აფასებს სამაუწყებლო კომპანია „TV პირველის“ გადაცემა „რეაქციის“ წამყვანი ინგა გრიგოლია ტელეკომპანიის დამფუძნებლის, ვახტან წერეთლის საგამოძიებო ორგანოში დაბარებას. ინგა გრიგოლიას აზრით, ხელისუფლება ცდილობს ტელეკომპანია გააჩეროს მანამ, სანამ საარჩევნო პროცესი შევა ძალაში.

მე მინდა ვუთხრა ყველას, ვერ გააჩერებთ. ეს არის ტელეკომპანია, რომელიც შევქმენით ჩვენი საკუთარი ხელებით“, - აღნიშნა ინგა გრიგოლიამ, რომელიც, თავის მხრივ დარწმუნებულია, რომ ტელევიზია რომ არ ყოფილიყო, მის დამფუძნებელს, ვახტანგ წერეთელს საგამოძიებო უწყება მოწმის სახით გამოკითხვაზე არ დაიბარებდა. ჟურნალისტი მოვლენების განვითარებას შემდეგი სცენარით ვარაუდობს:

„სასამართლოში ატარებენ ვახტანგ წერეთელს, მერე დაიბარებენ მისი ოჯახის წევრს, ანუ მამას. ჩვენ ის ადამიანები ვართ, ვისთვისაც დედაც ოჯახის წევრია, მამაც შვილიც, დაც და ძმაც. ჩემი აზრით, იქნება მცდელობა, რომ ბრალი წაუყენონ ავთო წერეთელს და ამით ზეწოლა განახორციელონ ტელევიზიის დამფუძნებელზე, რომელიც არის მისი შვილი“, - ამბობს ინგა გრიგოლია. მისი შეფასებით, უცნაურია, რომ ქვეყანაში, სადაც არაერთი გამოუძიებელი საქმეა, დაიწყო 11 წლის წინანდელი ისეთი საქმის გამოძიება, რომელშიც არც მომჩივანი არსებობს და არც დაზარალებული.

ინგა გრიგოლიასთვის კითხვის ნიშნებს აჩენს ის გარემოებაც,რომ მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წაუყენეს და გირაო შეუფარდეს ისე, რომ საქმეში არსებული კომპანიების ერთ-ერთი დამფუძნებელი დაკითხულიც არ ჰყავდათ.

ტელეკომპანია „TV პირველის“ დამფუძნებელი ვახტანგ წერეთელი თბილისის საქალაქო სასამართლოში 8 აგვისტოს გამოიკითხა.

„ტელევიზიასთან დაკავშირებით იყო შეკითხვები - ტელევიზია არის დამოუკიდებელი, რჩება გავლენების მიღმა მოვლენების შუაგულში და ველოდებით რომ იქნება შემოტევები“,- განაცხადა ვახტანგ წერეთელმა. იგი ვარაუდობს, რომ პროკურატურა გეგმავს მის მამაზე, ავთანდილ წერეთელზე სისხლის სამართლის საქმის აღძვრას და ამით მასზე მანიპულირებას.

ვახტანგ წერეთელმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ გამოკითხვაზე შეკითხვები დაუსვეს 11 წლის წინანდელი ტრანზაქციის შიდა დეტალებზეც, თუმცა ეს დეტალები მას არ ახსოვს.

ვახტანგ წერეთელი პროკურატურამ საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვაზე 6 აგვისტოს დაიბარა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე 2018 წლის 2 აგვისტოს დაწყებული გამოძიების, ე.წ ხაზარაძე - ჯაფარიძის საქმეზე. ბრალდების კითხვებზე პასუხების გაცემა მან მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით მოითხოვა.

XS
SM
MD
LG