რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე ვლადისლავ სურკოვი სოხუმში შეხვდა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტს, რაულ ხაჯიმბას.
დე ფაქტო პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ხაჯიმბამ და სურკოვმა განიხილეს რუსეთის მიერ დაფინანსებული საინვესტიციო პროგრამის შესრულების საკითხი და ამ პროგრამის პარამეტრები მომდევნო ორი წლისთვის.
ხაჯიმბას განცხადებით, რუსეთთან თანამშრომლობა აქტიურად ვითარდება და ბოლო ეტაპზეა საინვესტიციო პროგრამით გათვალისწინებული ობიექტების, განსაკუთრებით სკოლების და საბავშვო ბაღების მშენებლობა. თავის მხრივ, სურკოვმა თქვა, რომ ეკონომიკის სფეროში მთავრობებს ჰარმონიული ურთიერთობა აქვთ და ყველა სახელისუფლებო სტრუქტურის მიდგომა კონსტრუქციული და პროფესიონალურია.
„კავკაზსკი უზელ“-ის ინფორმაციით, 2018-2019 წლებისთვის რუსეთმა აფხაზეთს სამ მილიარდ რუბლზე მეტი გამოუყო.
სურკოვი რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრთან, ვალერი ბგანბასთან ერთად იმყოფებოდა გაგრის და გუდაუთის რაიონებში. დე ფაქტო მთავრობის ინფორმციით, რუსეთის დაფინანსებით ამ რაიონებში ელექტროქვესადგური და სკოლა აშენდა.