ტელეკომპანია რუსთავი 2-მა გაავრცელა ცნობა, რომლის თანახმად, მოწმეები, რომლებმაც ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ ჩვენება მისცეს, სამართალდამცველები არიან.
„გამარჯვებული საქართველოს“ თანადამფუძნებელმა ანა რეხვიაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ საქმეში ოქრუაშვილის წინააღმდეგ დევს ერთი ვიდეო და ჩვენებები, რომლებიც პოლიციელებს ეკუთვნით.
თავდაცვის ყოფილი მინისტრი და "გამარჯვებული საქართველოს" ლიდერი, ირაკლი ოქრუაშვილი 25 ივლისს დააკავეს 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე, 27 ივლისს კი ოფიციალურად წარუდგინეს ბრალი თბილისის პოლიციის სამმართველოში.
შსს-ს განცხადებაში ნათქვამია, „მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ პარლამენტის შენობაზე მიტანილი ძალადობრივი შტურმის დროს, ირაკლი ოქრუაშვილი, თანმხლებ პირებთან ერთად, მოუწოდებდა აქციის მონაწილეებს და თავადაც ცდილობდა პარლამენტის შენობაში ძალადობრივ შეჭრას. გარდა ამისა, ირაკლი ოქრუაშვილი მონაწილეობდა სხვადასხვა ჯგუფურ ძალადობრივ მოქმედებაში“.
ირაკლი ოქრუაშვილი დანაშაულს არ აღიარებს.