საქართველოს მთავრობა ერთი მხრივ იძახის, რომ მხარს უჭერს ანაკლიის პორტის პროექტს და მეორე მხრივ, პირდაპირ, ღიად ებრძვიან - განაცხადა „თიბისი ბანკის“ და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ თანადამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომის დაწყებამდე.
ხაზარაძის თქმით, ქართული ეკონომიკისთვის ამ ორ დღეში მიყენებული ზარალი დანაშაულია და დადგება დრო, როცა ამაზე პასუხს აგებენ.
ხაზარაძის ინფორმაციით, მომავალ კვირაში ბადრი ჯაფარიძესთან ერთად გამართავს პრესკონფერენციას და შეცვლიან კონსორციუმის მმართველ საბჭოს.
„ჩამოვშორდები მე თავმჯდომარეობას და ბადრი თავმჯდომარის მოადგილეობას, რომ ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდეს სპეკულაცია, რომ ჩვენ რაღაცას ვეფარებით. ამას ვაკეთებთ მხოლოდ იმის გამო, რომ პროექტი არ გაჩერდეს და ვინმემ მერე არ დაგვაბრალოს, რომ თქვენს გამო სასიცოცხლო პროექტი გაჩერდა“ - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
მისივე თქმით, შეუძლებელია ამ პირობებში ინვესტორებს ელაპარაკო 650 მილიონი დოლარის ინვესტიციაზე და ყოველდღიურად პროკურატურა სახალხოდ გადებდეს ასეთ ბრალდებებს.
მამუკა ხაზარაძემ არ უპასუხა ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვებს, დგას თუ არა ამ პროცესების უკან ბიძინა ივანიშვილი.