საქართველოს 15 არასამთავრობო ორგანიზაცია აცხადებს, რომ "რუსთავი 2"-ის შესახებ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ შეიქმნა ახალი მოცემულობა, რომელიც "ქართული მყიფე დემოკრატიისათვის დიდი გამოწვევაა და პლურალისტულ მედია გარემოს სერიოზულ საფრთხეს უქმნის".
განცხადების ავტორები წერენ საქართველოს მედიაგარემოში "რუსთავი 2"-ის მნიშვნელოვან როლზე. არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, დღეს მნიშვნელოვანია ჟურნალისტების სარედაქციო დამოუკიდებლობის შენარჩუნება და მათი შრომითი უფლებების დაცვა.
ამასთან, ხელმომწერი ორგანიზაციები თვლიან:
"ეჭვგარეშეა, რომ „რუსთავი 2“-ის მფლობელების ცვლილება ხელისუფლების ინტერესში შედიოდა, რის შესახებაც მათ ღიად არაერთხელ განუცხადებიათ. მნიშვნელოვანია, რომ არ მოხდეს ქართულ მედიასივრცეში არსებული მანკიერი პრაქტიკის გაგრძელება, როდესაც მფლობელის/მენეჯმენტის ცვლილება პირდაპირ აისახება მაუწყებლის ხელისუფლებისადმი კრიტიკულ სარედაქციო პოლიტიკაზე".
განცხადების ხელმომწერი ორგანიზაციები აგრძელებენ მედიასფეროში, განსაკუთრებით "რუსთავი 2"-ის ირგვლივ მიმდინარე პროცესების მონიტორინგს.