Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქიბარ ხალვაში: ცვლილებები შეეხება მხოლოდ ერთ ადამიანს - ნიკა გვარამიას


„დღეს, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საბოლოო წერტილი დაუსვა ჩემს მრავალწლიან დავას სამართლიანობის აღდგენისათვის და დაადასტურა, რომ 2017 წლის 2 მარტს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება აბსოლუტურად კანონიერი იყო“, - ასე ეხმაურება ქიბარ ხალვაში, რუსთავი 2-ის ყოფილი მფლობელი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას რუსთავი 2-ის საქმეზე.

განცხადებას მისი ადვოკატი პაატა სალია ავრცელებს.

ქიბარ ხალვაშის სიტყვებით, დღეს აღარ არსებობს არანაირი ეჭვი, რომ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ერთადერთი კანონიერი მესაკუთრე ის არის და კომპანია საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ წაართვეს:

„დღეს სტრასბურგის სასამართლომ გააუქმა მის მიერვე დაწესებული დროებითი შეზღუდვა. ახლა უკვე საბოლოოდ მოხსნილია უკანასკნელი ბარიერი, ვინაიდან სტრასბურგის სასამართლოს რეგლამენტთ დროებით ღონისძიების როგორც დაწესების, ისე გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება არ საჩივრდება და საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია, დაუყოვნებლივ აღასრულოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ის გადაწყვეტილება, რომლითაც დავიბრუნე ტელეკომპანია.

აქვე კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ იმ გარემოებას, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არ ტოვებს არანაირი განსხვავებული ინტერპრეტეაციის სივრცეს და ცალსახად ადასტურებს, რომ ეს გამარჯვება სამართლიან და კონკურენტულ ბრძოლაში მოვიპოვე და რომ საქართველოში მართლსაჯულების განხორციელების პროცესში არ დარღვეულა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცით დაცული არცერთი უფლება“, - წერს ქიბარ ხალვაში.

ქიბარ ხალვაში მის მიერ გავრცელებულ განცხადებაში რუსთავი 2-ის მომავალზე ამახვილებს ყურადღებას:

„არ ვაპირებ შევეხო არხის სარედაქციო პოლიტიკას. გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლება იქნება გარანტირებული. არ ჩავერევი „რუსთავი2”-ის ჟურნალიტების პროფესიულ საქმიანობაში. ეს ყველაფერი უზრუნველყოფილი იქნება მაქსიმალური გამჭვირვალობით. ამავდროულად, ვიზურნვებ თანამშრომელთა პროფესიულ განვითარებაზე და ყველნაირად ხელს შევუწყობ მათ ამ საქმეში.

იმედი მაქვს, რომ კომპანიის თანამშრომლები ადეკვატურად შეხვდებიან სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, გააგრძელებენ თავიანთ პროფესიულ საქმიანობას და ჩვენ ყველანი ერთად ვიზრუნებთ, რომ „რუსთავი2“ იყოს წარმატებული და პოპულარული არხი“.

ქიბარ ხალვაშის განცხადებით, რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია აღარ უხელმძღვანელებს ტელეკომპანიას:

„ცვლილება შეეხება მხოლოდ ერთ ადამიანს. ნიკა გვარამია, რომელიც სინამდვილეში არის იმ რეჟიმის დანიშნული, რომელმაც წამართვა კომპანია, ვეღარ გააგრძელებს კომპანიაში საქმიანობას ვერც ჟურნალისტის და ვერც, ცხადია, გენერალური დირექტორის სტატუსით. მის ნაცვლად კომპანიას უხელმძღვანელებს ჩემი ადვოკატი პაატა სალია, რომელსაც პირველ ეტაპზე ვუსაზღვრავ მკაფიო ამოცანას - უზრუნველყოს არხის შეუფერხებელი მუშაობა და ამავდროულად, მოახდინოს კომპანიაში არსებული ფინანსური ვითარების შესწავლა, რისთვისაც მოიწვიოს მაღალი რეპუტაციის მქონე საერთაშორისო აუდიტორული კომპანია.

მსურს მადლობა გადავუხადო ყველა გულშემატკივარს, თანამებრძოლს და პირველ რიგში ჩემს ოჯახს ამ მრავალწლიან ბრძოლაში მხარდაჭერისა და თანადგომისათვის!

ეს დიდი გამარჯვებაა, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ ერთი კაცის გამარჯვება. მე, ქიბარ ხალვაშმა, დღეს საბოლოოდ გავიმარჯვე იმ ათობით ათასი ჩვენი თანამოქალაქის სახელით, ვისაც მოძალადე რეჟიმმა სხვადასხვა დროს წაართვა სიცოცხლე, ჯანმრთელობა და შრომით მოპოვებული ქონება, შეულახა ღირსება!

ამ კონტექსტში, არ შემიძლია, პირველ რიგში არ ვახსენო დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე, რადგან მე დღეს მათი სახელითაც გავიმარჯვე. ყოველთვის მიმაჩნდა, რომ ტელევიზიის დაბრუნებისათვის ჩვენ ერთად უნდა გვებრძოლა და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი თანამშრომლობა საკუთარი უფლებების აღდგენისთვის ბრძოლაში, საწყის ეტაპზე ვერ შედგა, დღეს, როდესაც გავიმარჯვე, კვლავ მზად ვარ, მაქსიმალურად გავითვალისწინო მათი ინტერესი.

ამ ეტაპზე რთულია დეტალებზე საუბარი, რადგან პირველ რიგში გასარკვევია, თუ რა მდგომარეობაში მყოფ კომპანიას ვიბარებთ“, - წერს ქიბარ ხალვაში.

18 ივლისს ცნობილი გახდა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ეროვნულ სასამართლოებში ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მფლობელობასთან დაკავშირებული დავის განხილვისას ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მუხლები არ დარღვეულა. მათ შორის არც სამართლიანი სასამართლოს უფლება.

საქმეზე "რუსთავი 2", შპს „ტელეკომპანია საქართველო“ და ლევან და გიორგი ყარამანიშვილები საქართველოს წინააღმდეგ.გადაწყვეტილება სტრასბურგის სასამართლოს პალატამ მიიღო 6 ხმით 1-ის წინააღმდეგ.

საქართველოს სასამართლო ინსტანციებმა "რუსთავი 2" მის ყოფილ მფლობელს, ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნეს.

რას დავობდა ქიბარ ხალვაში?

ხალვაში ამტკიცებდა, რომ 13 წლის წინ სამართლებრივ ენაზე - ე.წ “ამორალური გარიგების” მსხვერპლი გახდა და კომპანიის წილი იმაზე ნაკლებ ფასად დათმო ვიდრე მისი საბაზრო ღირებულება რეალურად იყო. რეალური ღირებულების დასადასტურებლად კი ის ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნას იშველიებდა. ამ დოკუმენტის მიხედვით, ხალვაშის მიერ არხის გასხვისების მომენტში ტელეკომპანიის ღირებულება 7 მილიონი ლარი იყო.

სარჩელი საქალაქო სასამართლოში 2015 წელს შევიდა. ქიბარ ხალვაშის ადვოკატი პაატა სალია ამბობდა, რომ “რუსთავი 2”-ის შემდგომი მფლობელები წლების განმავლობაში ფიქტიურად იცვლებოდნენ. მისი მტკიცებით, ქიბარ ხალვაშის შემდეგ ეს ფიქტიური მფლობელები “არაკეთილსინდისიერი შემძენები” გამოდიოდნენ. ის სასამართლოში იშველიებდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 187-ე მუხლს, სადაც წერია, რომ კეთილსინდისიერად არ შეიძლება ჩაითვალოს შემძენი, რომელმაც იცოდა ან უნდა სცოდნოდა, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე.

“რუსთავი 2”-ს მფლობელების ძმები ყარამანიშვილების ადვოკატები კი ამბობდნენ, რომ ხალვაშის მიერ წარდგენილი სამხარაულის დასკვნა არასრულყოფილ დოკუმენტაციაზე დაყრდნობით იყო შედგენილი და რვა დოკუმენტის ნაცვლად მხოლოდ ორს ეყრდნობოდა: კომპანიის წესდებასა და ბუღალტრულ ნაშთებს, რაც არ იყო საკმარისი.

საქმე საქალაქო სასამართლოში

ძმებ ყარამანიშვილებს საქალაქო სასამართლოში ზაზა ბიბილაშვილი წარმოადგენდა. მისი განცხადებით, ხალვაშის კუთვნილმა კომპანია “შპს პანორამამ” ტელეკომპანიის 90%-იანი წილი 2004 წელს 250 ათას დოლარად იყიდა, დარჩენილი 10% კი ნიკა ტაბატაძისგან 200 დოლარად შეიძინა. ადვოკატის განმარტებით, ხალვაშმა 2006 წელს საკუთარი წილის 15 ათასი დოლარით ძვირად გაყიდა, რაც “რუსთავი - 2”-ის რეალური საბაზრო ფასი იყო. ადვოკატის მტკიცებით, ამის გამო ხელშეკრულება ვერ ჩაითვლებოდა “ამორალურ გარიგებად”.

საბოლოოდ, მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ ნაწილობრივ დააკმაყოფილა ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის სარჩელი, გააუქმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს ამჟამინდელი მეწილეების საკუთრების უფლება და კომპანიის მფლობელებად ქიბარ ხალვაში და შპს "პანორამა" აღიარა. ამგვარად, პირველი ინსტანციის მოსამართლემ შვიდი მოთხოვნიდან მხოლოდ ორი დააკმაყოფილა. 2015 წლის 5 აგვისტოს სასამართლოს გადაწყვეტილებით “ღუსთავი 2”-ს ყადაღა დაადეს.

საქმე სააპელაციო სასამართლოში

საქალაქო სასამართლოს განაჩენი შემდეგ ინსტანციაში გასაჩივრდა. თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2016 წლის 10 ივნისს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საკუთრებაზე მფლობელების დავაში გადაწყვეტილება ქიბარ ხალვაშის სასარგებლოდ მიიღო. სასამართლო კოლეგიამ შორენა ყაველაშვილის, ნატალია ნაზღაიძისა და ნათია გუჯაბიძის შემადგენლობით ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის განაჩენი და კომპანიის მფლობელებად ქიბარ ხალვაში და შპს „პანორამა“ მიიჩნია. „რუსთავი 2“-ის ადვოკატებმა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრეს.

საქმე უზენაეს სასამართლოში

უზენაეს სასამართლოში კი საქმის არსებითი განხილვა ზეპირი მოსმენის გარეშე 2017 წლის დასაწყისში დაიწყო. უზენაესი სასამართლოს კოლეგიამ მიიჩნია, რომ საქმე განსახილველად დიდ პალატას უნდა გადასცემოდა.

პალატა 9 მოსამართლისგან დაკომპლექტდა. ესენი იყვნენ: ნინო გვენეტაძე, მზია თოდუა, ვასილ როინიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი, პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე, მაია ვაჩაძე, ზურაბ ძლიერიშვილი და გიორგი შავლიაშვილი. 2017 წლის მარტში უზენაესმა სასამართლომ “რუსთავი 2” ქიბარ ხალვაშსა და მის კომპანია შპს პანორამას მიაკუთვნა.

სტრასბურგის გადაწყვეტილება

საჯარო რეესტრში შესაბამისი გადაწყვეტილების დარეგისტრირების შემდეგ ტელევიზია ქიბარ ხალვაშის საკუთრებაში უნდა გადასულიყო, თუმცა 2017 წლის 3 მარტს სტასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მორიგე მოსამართლის გადაწყვეტილებით 39-ე მუხლის საფუძველზე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. ეს გადაწყვეტილება გადაუდებელ შემთხვევებში მიიღება, ძირითადად გამოუსწორებელი ზიანის გარდაუვლი რისკის არსებობის დროს.

აღსანიშნავია, რომ “რუსთავი 2”-მა საკონსტიტუციო სასამართლოსაც მიმართა, ჯერ კიდევ მაშინ, როცა საქმე საქალაქო სასამართლოში განიხილებოდა. საქმე საკონსტიტუციო სასასამართლოში ეგრეთ წოდებული ამორალური გარიგების საფუძველზე ქიბარ ხალვაშის წილის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილობას შეეხებოდა. განხილვა თითქმის 2 წელი გაჭიანურდა. 2017 წლის დეკემბერში, სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ, საკონსტიტუციო სასამართლომ ეს სარჩელი არ დააკმაყოფილა.

რუსთავი 2”-ის მოკლე ისტორია

რუსთავი 2-მა 1994 წელს შეიქმნა. მისი დამფუძნებლები ეროსი კიწმარიშვილი, დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე იყვნენ. დვალი და აქიმიძე 2004 წლამდე ფლობდნენ ლეტეკომპანიის წილებს. ისინი ამბობენ რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობამ “ ყაჩაღობის წესების სრული დაცვით, გამოსძალა რუსთავი 2 მის დამფუძნებლებს და კანონიერ მფლობელებს”. საქმის ხანდაზმულობის 15 წლიანი ვადა 2019 წლის 16 ივნისს იწურებოდა, თუმცა პროკურატურამ 17 ივნისს გაავრცელა განცხადება, სადაც ნათვამია, რომ ,რუსთავი 2“-ის დამფუძნებლების ქონებრივი უფლების იძულებით გადაცემის საქმეზე გამოძიება გაგრძელდება და მისი შეწყვეტის საფუძვლები არ არსებობს.

რაც შეეხება კიდევ ერთ დამფუძნებელს, ეროსი კიწმარიშვილს, 2014 წლის ზაფხულში, ის თავის ავტომობილში, გარდაცვლილი იპოვეს. მას თავში ტყვია ჰქონდა მოხვედრილი. გამოძიებას თვითმკვლელობის მუხლით დაიწყო. ოჯახს კი ამ ვერსიის არ სჯერა. ეროსი კიწმარიშვილმა გარდაცვალებამდე 2 წლით ადრე განაცხადა: “მე მინდა ვუთხრა ბიძინა ივანიშვილს, როცა “რუსთავი 2”-ზე საუბრობს, თვალებში მე შემომხედოს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რამ ვიცით მეც და მანაც, ისეთი რისი გამომჟღავნებაც ბევრ ადამიანს დააზარალებს”.

მედიის განვითარების ფონდის თანახმად “რუსთავი 2”- 20-ჯერ შეეცვალა მფლობელები.

  1. 1994 - შპს საინფორმაციო-სარეკლამო სააგენტო გამა პლიუსი - ჯარჯი აქიმიძე (40%), დავით დვალი (30%), ეროსი კიწმარიშვილი (30%).
  2. 1996 - ჯარჯი აქიმიძე (33,3%), დავით დვალი (33,3%), ეროსი კიწმარიშვილი (33,3%);
  3. 2001 - დავით დვალი (30%), ჯარჯი აქიმიძე (30%), ეროსი კიწმარიშვილი (30%), ნიკოლოზ ტაბატაძე (10%);
  4. 2004 - პაატა კარსანიძე (60%), ეროსი კიწმარიშვილი (30%), ნიკოლოზ ტაბატაძე (10%);
  5. 2004 - ქიბარ ხალვაში (60%), ეროსი კიწმარიშვილი (30%), ნიკოლოზ ტაბატაძე (10%);
  6. 2004 - შპს პანორამა (30%), ქიბარ ხალვაში (60%), ნიკოლოზ ტაბატაძე (10%);
  7. 2004 - შპს პანორამა (40%), ქიბარ ხალვაში (60%);
  8. 2006 - შპს პანორამა (40%), ქიბარ ხალვაში (38%), შპს საქცემენტი (22%);
  9. 2006 - შპს პანორამა (40%), ქიბარ ხალვაში (38%), შპს ჰოლდინგი საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი (22%);
  10. 2006 - შპს ჰოლდინგი საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი (22%); შპს გეო-ტრანსი (78%);
  11. 2006 - შპს ჰოლდინგი საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი (45%), DELGADO RESOURCES LTD (55%);
  12. 2007 - კორპორაცია გეომედია გრუპი (55%), ჰოლდინგი საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი (45%);
  13. 2008 - კორპორაცია გეომედია გრუპი (40%), ჰოლდინგი საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი (30%), ირაკლი ჩიქოვანი (30%);
  14. 2009 - ჰოლდინგი საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი (30%), DEGSON LIMITED (70%);
  15. 2011 - DEGSON LIMITED (70%) შპს ჩემექსიმ ინტერნეშენალი (30%);
  16. 2011 - გიორგი გეგეშიძე (10%), ლევან ყარამანიშვილი (90%);
  17. 2012 - გიორგი გეგეშიძე (10%), ლევან ყარამანიშვილი (50%), შპს მედია ჯორჯია (40%);
  18. 2012 - გიორგი გეგეშიძე (10%), ლევან ყარამანიშვილი (50%), გიორგი ყარამანიშვილი (40%);
  19. 2012 - გიორგი გეგეშიძე (9%), ლევან ყარამანიშვილი (22%), გიორგი ყარამანიშვილი (18%), შპს ტელეკომპანია საქართველო (51%);
  20. 2014 - ნინო ნიჟარაძე (9%), ლევან ყარამანიშვილი (22%), გიორგი ყარამანიშვილი (18%), შპს ტელეკომპანია საქართველო (51%);
XS
SM
MD
LG