იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს, ნაზი ჯანეზაშვილს ეჭვი აქვს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ერთ-ერთი კანდიდატი ილონა თოდუა მოსამართლის სტატუსს არაკეთილსინდისიერად იყენებდა.
რამდენიმე დეპუტატის ინიციატივით, პარლამენტში გამართულ შეხვედრაზე ნაზი ჯანეზაშვილმა განაცხადა, რომ ილონა თოდუას საკითხის სწორად შესწავლის შეთხვევაში, ის კანდიდატების 50 წევრიან სიაში ვერ მოხვდებოდა.
„იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, მოსამართლეს, რომელსაც იმ რეგიონში, ან ქალაქში სადაც მუშაობს, არ აქვს სახლი, საბჭო უხდის ქირის საფასურს და ეს არის ნორმალური. ილონა თოდუა თბილისში მუშაობს 2007 წლიდან. მას არ მოუთხოვია ქირის საფასური წლების განმავლობაში. 2014 წლის 17 თებერვალს შემოდის საბჭოში მისი განცხადება და ითხოვს საჭირო ხარჯებს ქირისთვის. საბჭოს იმდროინდელი მდივნის, ლევან მურუსიძის იმ დღესვე მიღებული გადაწყვეტილებით, მას ენიშნება ქირის თანხა. ყველაზე საინტერესო კი ის გახლავთ, რომ 12 თებერვალს ილონა თოდუამ თავისი ბინა გადააფორმა ჩუქებით დედაზე და 5 დღეში იღებს ქირას. ამ საკითხის შესწავლა არ მომხდარა, არც არავინ დაინტერესებულა. იგი ღებულობდა ქირას 3 წლის განმავლობაში, რაც ჯამში 20 ათასს ლარს შეადგენს“ - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა. მისივე თქმით, კონსტიტუციის თანახმად, მოსამართლე აირჩევა კეთილსინდისიერებიდან და კვალიფიკაციიდან გამომდინარე, ამიტომ, მოსამართლე, რომელიც დედაზე აფორმებს თავის ბინას და ხუთ დღეში ახსენდება, რომ უნდა მიიღოს ქირის საფასური, ეჭვს ბადებს და ამას შესწავლა სჭირდება.
ნაზი ჯანეზაშვილის შეფასებითვე, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად არ უნდა დაერეგისტრირებინათ საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე, რადგან განაცხადი ხარვეზით შეავსო და მინიმუმ სამი რეკომენდატორის წარმოდგენის ნაცვლად ორი რეკომენდატორი მიუთითა.
ჯანეზაშვილი მიიჩნევს, რომ მიქაუტაძეს ინტერესთა კონფლიქტიც აქვს, რადგან ხელმძღვანელობს იუსტიციის საბჭოს აპარატს, რომელიც კანდიდატების შესახებ ინფორმაციას სწავლობს.
იუსტიციის საბჭოს წევრი ანა დოლიძე ამბობს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესი უნდა შეჩერდეს და სექტემბერში კონკურსი გამოცხადდეს ოციდან მხოლოდ ხუთ-ექვს ვაკანსიაზე.
„ბოლო თვეების განმავლობაში მივუთითებდით დარღვევებზე, რასაც ჩვენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესში ვხედავდით. ისეთი ხარისხის დარღვევები დაგროვდა, რაც პროცესის წინ წასვლას შეუძლებელს ხდის. გარდა იმისა, რომ არსებობს სავარაუდო გარიგება მოსამართლე წევრებს შორის, იუსტიციის საბჭო ფაქტობრივად ნათლობას დაემსგავსა, რადგან პროცესში რამდენიმე ადამიანის ნათესავი იღებს მონაწილეობას. ამ პროცესის შედეგად არჩეული ადამიანები უზენაესს სასამართლოს ვერ გააძლიერებენ. პირიქით, მხოლოდ რეპუტაციულ დამღას მიიტანენ იქ“ - განაცხადა ანა დოლიძემ.
მისივე შეფასებით, სასამართლოში არსებული მაფიოზული ჯგუფის სასარგებლოდ, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით „შეიკერა კანონი“ და პარლამენტში ამ ჯგუფის ინტერესებს წარმოადგენს სწორედ კობახიძე, ვანო ზარდიაშვილთან ერთად.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებთან შეხვედრას ესწრებოდნენ უმრავლესობის ყოფილი წევრები ლევან გოგიჩაიშვილი, ლევან კობერიძე და კობა ნარჩემაშვილი, უმრავლესობის დეპუტატები ბიძინა გეგიძე და აკაკი ზოიძე და „შენების მოძრაობის“ ლიდერი დავით უსუფაშვილი.