Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ECHR ადასტურებს, რომ 18 ივლისს გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებებს შორის იქნება "რუსთავი 2"-ის საქმეც


ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლო (ECHR) გადაწყვეტილებების გამოცხადების განრიგის შესახებ აქვეყნებს პრესრელიზს, რომელშიც იუწყება, რომ 18 ივლისს გამოქვეყნებული გადაწყვეტილებებიდან სამი შეეხება საქართველოდან საქმეებს - „გოგალაძე საქართველოს წინააღმდეგ“, „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2 და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ და „ვაზაგაშვილი და შანავა საქართველოს წინააღმდეგ“.

პრესრელიზში მოკლედ მიმოხილულია სამივე საქმე.

რუსთავი 2-ის სარჩელზე აღნიშნულია, რომ „საქმე ეხება პირველი მომჩივანის, რუსთავი 2-ის მფლობელობის საკითხს. უთანხმოების ფონზე 2017 წლის მარტში საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ რუსთავი 2-ის ყოფილ მფლობელს იძულებით დაათმობინეს სატელევიზიო არხი და ამჟამინდელი მფლობელები, საქმის მეორედან მეოთხე მომჩივანის ჩათვლით, არ იყვნენ რეალური მესამე მყიდველები“. პრესრელიზში ნათქვამია, რომ ამ გადაწყვეტილების ფონზე გაყინულ იქნა რუსთავი 2-ის კორპორატიული ქონება და მფლობელების წილები. „მომჩივანის თანახმად, მათ წინააღმდეგ მიმდინარე საქმე რეალურად წარმოადგენდა დაფარულ მცდელობას დამოუკიდებელი ტელევიზიის, რუსთავი 2-ის გაჩუმებისა და იყო ნაწილი მათზე ორკესტრირებული შეტევისა, რომელიც დაიწყო 2012 წლიდან, როცა ხელისუფლებაში მოვიდა ახალი მმართველი პარტია, ქართული ოცნება“ - ვკითხულობთ პრესრელიზში, სადაც იქვე აღნიშნულია, რომ ხელისუფლება მომჩივანის ბრალდებებს არ ეთანხმება და აცხადებს, რომ ისინი ინციდენტებს განზრახ წარმოაჩენენ შეცდომაში შემყვანი, არასრული ფორმით. „უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, რუსთავი 2-მა ევროპულ სასამართლოს სთხოვა შუალედური ზომა დაენიშნა, ... ეყრდნობოდა რა შეშფოთებას, რომ სატელევიზიო არხს შეუქცევადი ზიანი მიადგებოდა მეათე მუხლის (გამოხატვის თავისუფლების) ჭრილში. სასამართლომ გასცა შუალედური ზომა და საქართველოს მთავრობას მიმართა, რომ 2017 წლის მარტის გადაწყვეტილება უნდა შეჩერებულიყო და ხელისუფლებას თავი უნდა შეეკავებინა მომჩივანი კომპანიის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევისგან“.

პრესრელიზში აღწერილია საჩივრის საფუძვლები - მომჩივანი მხარე მიიჩნევს, რომ მათ წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილებები არ იყო სამართლიანი, რადგან მოსამართლეებს არ ჰქონდათ დამოუკიდებლობის და მიუკერძოებლობის საკმარისი ხარისხი და ეს ყველაფერი წარმოადგენდა ფარულ მცდელობას გაეჩუმებინათ ქვეყანაში მოქმედი „ერთადერთი დამოუკიდებელი სატელევიზიო არხი“.

ევროპული სასამართლო თავის გადაწყვეტილებას 18 ივლისს გამოაცხადებს.

XS
SM
MD
LG