Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზალკალიანი პუტინის „ისტორიის გაკვეთილზე“: ეს არის ფაქტების სუბიექტური წარმოჩენა


“ეს არის ისტორიული ფაქტების არასწორად, სუბიექტურად, ტენდენციურად წარმოჩენის მაგალითი“, - ასე აფასებს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის 9 ივლისის განცხადებას, რომელიც საქართველოს შემადგენლობაში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის შესვლის ისტორიას უკავშირდებოდა.

"ეს ახალი არ არის. ადრეც ყოფილა ასეთი განცხადებები. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ის, რაზეც საუბარი იყო, არის არასწორ ფაქტებზე დაყრდნობით გაკეთებული განცხადებები და არასწორ კონტექსტში. როდესაც ჩვენ ისტორიაზე ვსაუბრობთ, უნდა ითქვას, რომ საქართველოს ისტორია არც მე-18 საუკუნიდან იწყება და არც მე-19 საუკუნიდან. საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში უამრავი ფაქტი არსებობს და არგუმენტირებულად, ეს ფაქტები მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა სწორედ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ჩათვლით ყოველთვის იყო ერთ-ერთი მთავარი და აღიარებული საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან. თუკი ჩვენ გვინდა ისტორიულ ფაქტებში წიაღსვლა, ამაზე ისტორიკოსებმა იმსჯელონ. აქაც ვფიქრობ, ჩვენს სასარგებლოდ არის ძალიან ბევრი ფაქტი", - აცხადებს დავით ზალკალიანი.

კითხვაზე, რას აკეთებს საქართველოს ხელისუფლება, მაშინ როდესაც რუსეთის პრეზიდენტი ისტორიას აყალბებს, დავით ზალკალიანი ამბობს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობაში, როგორც აქამდე, ისე მომავალშიც იზრუნებენ კონფლიქტის დეესკალაციისთვის, სიტუაციის სამშვიდობო გზით მოგვარებისთვის, რომელსაც ალტერნატივა არ აქვს:

"საერთაშორისო თანამეგობრობა რომ კარგად არის ინფორმირებული რეალურ სიტუაციაზე და ისტორიულ ფაქტებზე, ამაზე მეტყველებს ის, რომ ჩვენ ვართ აღიარებული მსოფლიო ცივილიზებული თანამეგობრობის მხრიდან, როგორც ერთიანი, სუვერენული, ტერიტორიულად მთლიანი ქვეყანა. ეს არის პასუხი იმაზე, თუ რას ვაკეთებთ ჩვენ".

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საქართველოს შემადგენლობაში შესვლის ისტორიის საკუთარ ვერსიაზე ჟურნალისტებთან 9 ივლისს ილაპარაკა.

პუტინის ვერსიით, „პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, საქართველომ სცადა აფხაზეთის გადაყლაპვა, შეიქმნა საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფო და გერმანიის ჯარების დახმარებით, 1918 წელს საქართველომ მოახდინა აფხაზეთის ოკუპაცია“. რაც შეეხება ცხინვალის რეგიონს, პუტინის განმარტებით, 1919-1920 წლებში საქართველომ სამხრეთ ოსეთში გენოციდი მოაწყო.

XS
SM
MD
LG